თეგებით ძიება
25. 11. 2021 COVID - 19

სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია - ივანე ჩხაიძე ე.წ. მუდმივ მწვანე სტატუსზე

ეს სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია, რადგან პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანი კორონას გადატანიდან წელიწადის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ ინფიცირებისგან დაცულია, - აცხადებს ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავრუსი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებრივ იმუნიტეტს ინარჩუნებს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და არა სიცოცხლის ბოლომდე.

„ჩვენ თუ შევხედავთ ამას სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მიღებული, გავრცელებული, სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არის ექვსთვიანი პერიოდი კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ. ანუ თუ თქვენ გადაიტანეთ კორონავირუსი, ეს არის ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ექვსი-რვა თვის განმავლობაში იყოთ მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისაგან. ზოგ შემეთხვევაში, ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელიც, მაგრამ საუბარი, რომ ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, სიცოცხლის ბოლომდე იქნება დაცული კორონავირუსისგან, არ არის სწორი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი, მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭება ვაქცინაციისთვის მოტივაციის გაზრდას არ უწყობს ხელს.

„სწორია, აი, ამ ფორმულირების უკან დგას ნაკლები მოტივაცია ვაქცინაციის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში ავადდებიან კორონავირუსით, აცრილები არ არიან. ასე რომ, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება, ამ ადამიანებს ვაქცინაციის იდეა საერთოდ დაუკარგოთ. გადატანილი კორონავირუსის სტატუსი მართლაც მისცემთ პირებს შესაძლებლობას, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ისარგებლონ გარკვეული სერვისებით. ეს სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია, რადგან პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანი კორონას გადატანიდან წელიწადის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ ინფიცირებისგან დაცულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოსთვის იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს რეკომენდაცია არ მიუცია.

„ინუნიზაციიის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ეს რჩევა და რეკომენდაცია არ მიუცია. არა მგონია, ამის საფუძველი იყოს რომელიმე უცხო ქვეყნის გამოცდილება. ყოველ შემეთხვევაში, ის, რაც მე ვიცი და რაც ნამდვილად არის უმრავლეს ქვეყანაში მიღებული, არის ექვსთვიანი პერიოდი. აქ არის საუბარი კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის შემდეგ არსებულ პრაქტიკულად გარანტირებულ დაცვაზე ხელმეორე ინფიცირებისაგან. ექვსთვიანი პერიოდი მისაღებია, გარკვეულწილად ასევე შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში დაცვა გაგრძელდეს ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ რაც შეეხება ერთი წლის ზემოთ პერიოდს, აქ მე არ მახსენდება არც ერთი კვლევა ან პუბლიკაცია, რომელიც მიუთითებს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ თქვენ თავისუფალი ხართ და არასოდეს კორონავირუსი არ დაგემართებათ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა