ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
სასამართლომ დღეს საკუთარი ინიციატივით გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
როგორც პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განმარტა, აღკვეთის შეცვლისთვის საქმეზე ახალი გარემოება უნდა არსებობდეს, რაც გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
შაიშმელაშვილის განცხადებით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა ყოველგვარი მიზეზის და მიზნის გარეშე, დღისით, ბევრი ადამიანის თვალწინ მოხდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულები მიიმალნენ და გამოძიება მათ 21 დღე ეძებდა. დღევანდელ სასამართლო სხდომას გამოეხმაურა ნიკო კვარაცხელიას ოჯახი. მათი განცხადება გამოქვეყნდა ნიკოს დაარსებულ პლატფორმა Feedc.com - ზე.
"დღეს ჩვენი ოჯახი, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, აბსურდის თეატრის მომსწრენი გავხდით. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, როდესაც ტელევიზიით ვიხილეთ ორი -"ადამიანი” თავაწეული, რომლებიც ერთმანეთს უდასტურებდნენ აბსურდს, ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ, ვერც ეს ორი და ვერც შესაბამისი სტრუქტურები, საქმე გამოძიებულია?! ვისი მფარველობის ქვეშ არიან ესენი, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ? უფლებადამცველები ამაყად საუბრობენ მათ თითქმის უდანაშაულობაზე. ნიკოს საქმისთვის ჩვენ არ გვყოლია ადვოკატი, რადგან არ ვფიქრობდით, რომ ნიკოს დაცვა სჭირდებოდა. უმძიმესი კადრები იხილა ჩვენმა საზოგადოებამ. მინდა, მოვუწოდო ჭელიძის და კაველაძის ოჯახებს, თქვენ, თქვენმა მაღალანაზღაურებადმა უფლებადამცველებმა გაგაცნეს საქმე, თქვენ იცით მკვლელიც, დამკვეთიც და თანამონაწილეც. სუნთქვა არ შეგეკრათ დღეს, როდესაც თქვენი შობილი ე.წ, ადამიანები იხილეთ ამ აბსურდის თეატრში თანამონაწილედ. თქვენ ხომ ყველაფერი იცით, ვინ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული? რატომ უწყობთ ოჯახი ხელს, რომ თქვენი შვილები დაიხსნათ ამ უსასტიკესი დანაშაულიდან, ღვთის რისხვის მაინც არ გეშინიათ? გაუსაძლისია ჩვენი ყოფა... ვთხოვ იმ სტრუქტურას, განმსჯელს, რომ იმოქმედოთ კანონის შესაბამისად, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ნურავინ ეცდება ამ საქმის კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებას, ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სიმართლე არ გაჟღერდება…." - წერს ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.
შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.