შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო - ინფექციონისტი
შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს.
მედიკოსის თქმით, პანდემიის არასწორი მართვის მართვის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მძიმე ავადმყოფები კლინიკებს მიღმა დარჩნენ.
„პირველ რიგში, დარტყმა მოხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და გაიზრდება მიმართვიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რგოლის უფრო მეტად გაძლიერება მოხდეს და მეტი გადამზადებული ოჯახის ექიმები გვყავდეს. თუ ვერ გაუძლებს ამბულატორიული სექტორი ამ დატვირთვას, დარტყმა წამოვა ჰოსპიტალურ სექტორზე და გადაივსება საავადმყოფოები. შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო. მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ ჰოსპიტლებში. თუ ამის სწორი ტრიაჟი ვერ მოხერხდა, ეს გამოიწვევს ქაოსს და შესაძლოა, ისეთი რეალობა მივიღოთ, როდესაც მსუბუქი პაციენტების ნაწილი იქნება ჰოსპიტლებში და მძიმე პაციენტები ვერ მოთავსდებიან საავადმყოფოში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
ბოლო 24 სააათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.