თეგებით ძიება

"ეს ის კოვიდი აღარაა, შარშან ამ დროს მსოფლიოს რომ აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა" - როგორია თეა გვასალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კორონავირუსის "ომიკრონის" შტამით დაინფიცირდა:

"დროა სიმღერაში „სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის“, მოძველებული სიტყვა „სიყვარული“, უფრო აქტუალური - „ომიკრონით“ ჩავანაცვლოთ. ომიკრონი ყველგანაა, დაფრინავს, დაქრის, ანცი ამურივით ისვრის ისრებს და აცრილს და აუცრელს ერთნაირი წარმატებით ასნებოვნებს. მაგრამ მე მაინც ფაიზერის დამსახურება მგონია, რომ ორჯერ აცრილს მსუბუქი გაციებასავით შემხვდა. (საწინააღმდეგო შემთხვევებიც გამიგია, ამიტომ დიდად ნუ გაირჯებით იმის წერით, რომ ვიღაც აუცრელმა სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა, სამჯერ აცრილი კი აპარატზეა მიერთებული). სანამ პისიარის პასუხს მივიღებდი, უკვე იზოლაციაში მყავდა საკუთარი თავი გამწესებული და მამაჩემის და სანდროს შემთხვევაში თუ მათი დაბადების წლების გადასამოწმებლად მაინც რეკავდნენ ჯანდაცვიდან, ჩემით კაციშვილი არ დაინტერესებულა. არც მე ამიტეხავს პანიკა, 112-ზე ვცადე ელექტრონულად დარეგისტრირება, ისიც მხოლოდ საერთო სტატისტიკის შესავსებად და ეგ გვერდიც არ მუშაობდა. დრო რომ მალე გასულიყო, ჩვეულებრივად გავაგრძელე ონლაინ მუშაობა. ერთი ეგ იყო, რომ ცოტა სუსტად ვგრძნობდი თავს, ჯდომას წოლა მერჩივნა და ოდნავ მტკიოდა ყელი, თავი და თვალები. სიცხე აწევის ნაცვლად დამეწია და გუშინ 34.8 რომ დავინახე თერმომეტრზე, თვალებს არ ვუჯერებდი. კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მადაც დავკარგე და მთელი 5 დღე ბედუინივით ვიკვებებოდი, ანუ დღეში მხოლოდ 3-4 ცალ ფინიკს და „ხლებცის“ ვჭამდი და დიდი იმედი მაქვს, რომ საახალწლოდ აკრეფილი ორი ზედმეტი კილოგრამიც კორონას გავატანე სახსოვრად. დღეს მეხუთე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის ბოლოს გარეთ გასვლასაც შევძლებ. ასე რომ, პისიარის დადებითი პასუხის შემთხვევაში თავი არ დაიშინოთ, ეს ის კოვიდი აღარაა, შარშან ამ დროს მსოფლიოს რომ აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა, თუმცა მისი ვერაგი თვისებები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი და მაინც მაქსიმალურად ეცადეთ, არ შეიხვედროთ", - წერს გვასალია ფეიაბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა