მკვლელობა ძაღლის კბენის გამო - მარნეულში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა
მარნეულში მომხდარ მკვლელობაში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულია 17 წლის ბიჭი, რომელმაც მეზობელ უბანში მცხოვრებ 29 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს.
"8 თებერვალს მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით, ერთ პირს დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - აცხადებს პროკურორი.