ვის ეკუთვნის 1000 ლარიანი კომპენსაცია - დეტალები
სახელმწიფო კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ. ამას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
რა არის სახელმწიფო კომპენსაცია?
ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გულისხმობს
რამდენია სახელმწიფო კომპენსაციისთვის განკუთვნილი თანხა?
ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2015 წლიდან შეადგენს 1000 ლარს.
ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.
ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?
სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.
ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია:
- განცხადება;
- უწყების წარდგინება;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გარდაცვალების მოწმობა;
- საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა; მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა; შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.
რა ვადაში ინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?
სააგენტო განიხილავს დოკუმენტაციას განცხადებისა და ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღეში.
კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.