რა შემთხვევაშია უფასო სწრაფი ტესტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, დარღვევაა.
აღნიშნულით ის „ინტერპრენიუსთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რიგ დაწესებულებებში სიმპტომიან პირებს სწრაფ ტესტში თანხას ახდევინებენ.
"სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. კორონავირუსსაც და სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ, ამიტომ მათი დიფერენცირება ტესტირებით ხდება.
როდესაც კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს. თუ სადმე, ამის ნიველირება ხდება, მაშინ ეს დარღვევაა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ სიმპტომები აქვს სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო აფინანსებს და თანხა არ უნდა გადაიხადოს“,- განმარტავს გამყრელიძე.