"მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს" - მიხეილ სააკაშვილის წერილი EPP-ს
მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიას მიმართვა გაუგზავნა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა პარტიის ყრილობაზე წაიკითხა.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო,
მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, მე ვგრძნობ ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის ძალას. ყოველთვის, ყველაზე მძიმე დროს ჩვენი ლიდერები და ჩვენი ღირებულებები გვიჩვენებენ გზას უფრო ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. ევროპა არაფერია თქვენს გარეშე.
მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მოდით, ვიბრძოლოთ ერთად. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი ერთობის უგულვებელყოფას დრამატულად მძიმე ფასი აქვს. ჩემი გული სისხლისგან იცლება იმ ათასობით უკრაინელის, ჩემი მეგობრების გამო, რომლებიც იარაღით ხელში თავს სწირავენ ევროპული ოცნებისთვის. თუ დაეცემა უკრაინა, შემდეგი იქნება ბევრი სხვა, მათ შორის, ჩემი საყვარელი საქართველო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს.
ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე. თავისუფლება გაიმარჯვებს და გაკვალავს გზას დიდი ახალი ეპოქისკენ." ნათქვამია წერილში.