ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს - ნიკა მელია
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ, - , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს:
პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად.
საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია.
დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში.
და ბოლოს, დამნაშავე ვარ, რომ უარს ვაცხადებ დავინახო, თუ როგორ ეშვება ჩემი ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი.
არც იმედი, არც მომავალი, არც სიცოცხლე. ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება.
ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს.
ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ.
ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას!“,- განაცხადა მელიამ.