თეგებით ძიება

მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება - გიორგი ვაშაძე

რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხია, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის გადაწყვეტილებას მეორე მოსმენისას ჩააგდონ კანონი.

ამასთან, ვაშაძის თქმით, 160 დაკავებული ადამიანი ყოველგვარი ჯარიმების გარეშე უნდა გაათავისუფლონ.

„რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხია, ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის, მაგრამ განსაკუთრებით იმ პატრიოტი ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაგან ის ეროვნული მუხტი და ევროპული ენერგია მოდიოდა, რაც ასე საჭიროა ქვეყნისთვის. ყველამ ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე გზა გვაქვს გასავლელი, 160-ზე მეტი ქართველი პატრიოტი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ღირსება, საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილი, არიან ადამიანები, ვისზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ეს ხალხი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. ისინი არიან პატრიოტი ახალგაზრდები და სხვადასხვა თაობის ადამიანები, რომლებიც მედგრად იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე. მივამართავ დღევანდელ რეჟიმს, გაათავისუფლეთ ეს ხალხი დაუყოვნებლივ, არავითარი ჯარიმები არ უნდა დაეკისროთ მათ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა