"ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ „დაიჭიროთ წამი“ - ფილიპ სელვეი
ფილიპ „ფილ“ ჯეიმზ სელუეი არის ბრიტანული როკ-ჯგუფის Radiohead-ის დრამერი. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
- Radiohead-ის დრამერობისა და რამდენიმე წარმატებული სოლო ალბომის გამოშვებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, როგორ დაახასიათებდით იმ პოზიციას, სადაც დღეს ხართ, როგორც მუსიკოსი?
- მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ მუსიკალურად იმ მდგომარეობაში ვარ, რომლითაც სიამოვნებას ვიღებ ისე, როგორც არასდროს. თუმცა ჩემი შემოქმედებითი სრულყოფისგან ჯერ კიდევ შორს ვარ. ისიც მშვენიერი გრძნობაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
- როგორ ფიქრობთ, თუ მხოლოდ ჯგუფის წევრად დარჩებით, ოდესმე იგრძნობდით თავს შემოქმედებითად სრულყოფილად?
- ვფიქრობ, ორივე ფაქტორი ერთად უნდა განვიხილოთ. სწორედ ეს ქმნის ჩემს სრულ შემოქმედებით წვდომას, რადგან ეს პროექტები ძალიან განსხვავებული გამოცდილებაა. თუმცა მხოლოდ Radiohead-ის დრამერობა არ მთავაზობს ყველაფერს მუსიკალური თვალსაზრისით. მშვენიერი პოზიციაა, როცა შოუებში სცენაზე დგახარ (ოღონდ არა სცენის ცენტრში). კავშირის გრძნობა გაქვს, როდესაც უკრავ, თუმცა ასევე ერთ-ერთი ფონური ფიგურა ხარ. შეგიძლია დააკვირდე, რა ხდება შენს გარშემო და როგორ რეაგირებს აუდიტორია.
- წარმომიდგენია... როგორც სოლო არტისტს, განსაკუთრებული რა გახსოვთ პირველად სცენაზე?
- გაქვავებული ვიყავი! (იცინის) მე ვფიქრობ, რომ ასეთი შიში საკმაოდ დიდხანს რჩება შენში, რადგან ეს სულ სხვა სახის სცენაა, რომელიც უნდა ისწავლო. მღერი და შეიძლება საკმაოდ დაუცველად იგრძნო თავი. თუმცა, ამავდროულად, უკეთესად აცნობიერებ საკუთარ თავს და იმას, თუ რისი მიღწევა შეგიძლია ამ როლში.
- რაც შეეხება სიმღერების შესრულებას და დაწერას თქვენი სოლო პროექტისთვის, იქაც გქონდათ ადაპტაციის პერიოდი?
- დიახ, ნამდვილად! მე არ მიგრძვნია, რომ ჩემი სასიმღერო ხმა ისეთივე დახვეწილი იყო, როგორც დრამზე დარტყმა. მე ძალიან გამორჩეული „დასარტყამი“ სტილი მქონდა და სწორედ ამის პოვნა მსურდა ჩემს სიმღერაშიც, მაგრამ დიდი ეჭვი მქონდა, მივაღწევდი თუ არა ამ დონეს.
რეალურად, დრამზე დაკვრა Strange Dance-ის სესიების დასაწყისში დავიწყე და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ისე არ ხდებოდა, როგორც მე მინდოდა. მე უფრო დიდ დროს სიმღერების დამუშავებაზე ვხარჯავდი. ვგრძნობდი, ჩემი მუსიკალური გონება სხვაზე მიმართულებაზე იყო ორიენტირებული. ვიცოდი ტექსტურები, რომლებიც მინდოდა რიტმულად შემეგრძნო. ასევე კარგია ისეთი შემოქმედებითი კონტროლის არსებობა, როდესაც შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილებები მთლიანად დამოუკიდებლად, ჯგუფის წევრებთან კონსულტაციის გარეშე.
- როგორც ჩანს, ნამდვილად იპოვნეთ მუშაობის თქვენეული იდეალური გზა და სიმღერა ძალიან ბუნებრივად გამოგდით.
- აბსოლუტურად გეთანხმებით. თითქოს სხვა მხარეს იყურები და მოულოდნელად ახალი იდეა ჩნდება! ეს ბრწყინვალე პროცესია. ასე ვმუშაობ, მართლა, არ ვჯდები და არ ვფიქრობ: „აბა, დღეს რაღაც უნდა დავწერო“. ბევრად უკეთესი პროცესია, როცა თავს უფლებას აძლევ, „დაიჭირო წამი“.