ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებიც არის ადამიანების უფლებები - ხათუნა სამნიძე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები ნახსენები უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში და ამისკენ მოუწოდებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ორგანიზაციები და ჯგუფები, ვინც ამ ადამიანების უფლებებს იცავს.
„დოკუმენტებში ღიად წერია შინაარსობრივი შენიშვნები და წერია, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დოკუმენტში არ უნდა გაქრეს ფრაზები, როგორიცაა: „გენდერული ინდეტობა“, „სექსუალური უმცირესობები“, „ლგბტ უფლებები“ - ამ ფრაზების გამეორებაც კი გიჭირთ, ეს არის იმდენად სახიფათო, იმდენად საშიში, რომ არც კი ვიცი, როგორ შევაფასო. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა შეფასების დროს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ავიწყდება, რომ ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე, ამ ქვეყანაში, დგანან სწორედ ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათ ეკრძალებათ შეკრების უფლებაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ ის იბრძოლებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ილაპარაკებს ლგბტ უფლებებზე.“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს და ქვეყნის ევროპულ გზაზე საფრთხეს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 რეკომენდაციაშიც საუბარია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვაზე. „თუ სახელმწიფო დონეზე, პრემიერის აპარატი, პრემიერი და „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ადამიანის უფლებების ნაწილია ლგბტ ადამიანების უფლებები და ეს საკითხი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არის პრობლემა, რომ არ არის ნახსენები [ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში], არამედ ჩვენი პარტნიორებიც გვახსენებენ, 12 პუნქტის ნაწილიცაა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამას გვეუბნება - ანუ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ. ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში, ევროპულ გზაზე, ევროპული სტატუსის მისაღებად, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა იყოს დაცული სექსუალური უმცირესობების უფლებები.“ - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.