თეგებით ძიება

სარკეში რომ ვიყურები, სახეზე ხაზებს ვხედავ, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ - ენტონი ჰოპკინსი

სრული სახელი: სერ ფილიპ ენტონი ჰოპკინსი

დაბადების თარიღი: 1937 წლის 31 დეკემბერი

დაბადების ადგილი: მარგამი, ვესტ გლამორგანი, უელსი

პროფესია: მსახიობი

- თქვენ ერთხელ თქვით, რომ რაც უფრო დიდხანს ცოცხლობთ, ცხოვრება მით უფრო სიზმარივით გეჩვენებათ. იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი განსხვავდებოდა რეალობისგან?

- ალბათ 30 წლის წინ გავაანალიზე ის შედეგები და მანიფესტაციები, რაზეც ბავშვობაში და ახალგაზრდობაშიც ვოცნებობდი... ვიფიქრე: „ეს მოხდა ისე, როგორც ველოდი და წარმოვიდგენდი.” მთელი ჩემი ცხოვრება ასე იყო და მოხიბლული ვარ იმ ძალით, რომელიც ყველას გვაქვს - რომ ჩვენვე ვქმნით ჩვენს ცხოვრებას.

- როგორ ფიქრობთ, მსახიობებსა და კინორეჟისორებს უფრო ძლიერი შინაგანი სამყარო აქვთ? ხშირად ამბობენ, რომ მსახიობები უფრო მგრძნობიარენი არიან.

- მე ყოველთვის არ ვენდობი სიტყვა ხელოვნებას, როცა ის მსახიობობას ეხება. ცოტა ცინიკური ვარ. თუმცა ვფიქრობ, მსახიობობა, რეჟისორობა და მუსიკა შემოქმედებითი პროცესია. კრეატიული ადამიანი (და მე ჩემს თავს კრეატიულ ადამიანად აღვიქვამ) არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მსახიობი, მუსიკოსი ან მხატვარი უნდა იყოს, მაგრამ, თუ შემოქმედებითი პროფესია ან ბიზნესი გაქვს, ამაღლებული ცნობიერებით გამოირჩევი. თუმცა ესეც არ გხდის განსაკუთრებულს. როდესაც იწყებ ფიქრს, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, რომელიც სპეციალურ ჟანგბადს სუნთქავს, მაშინ დიდი უბედურება დაგტყდომია თავს. ეს სიგიჟისაკენ მიმავალი გზაა. კინოსტუდიებში ბევრი ადამიანია ასეთი.

- ვინ არიან რეჟისორები, რომლებიც თქვენი ინსპირაციის წყაროა?

- ასეთი ბევრია და ყველას მუშაობის საკუთარი უცნაური მეთოდი აქვს. მე მიმუშავია ოლივერ სტოუნთან, სპილბერგთან, რამდენიმე სხვა რეჟისორთან. თუმცა, როდესაც ვრეჟისორობ, ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი უნიკალური სტილი.

- გეხმარებათ მსახიობობა ახალგაზრდობის შენარჩუნებაში?

- ჰო, მე ახალგაზრდა ვარ! ტვინის კრეატიულად დაკავება ძალიან გონივრული მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავს დაღლილად ვგრძნობ, მაინც არ მინდა უბრალოდ პენსიაზე გასვლა. ეს ყველაფერი მსიამოვნებს და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას მანამ, სანამ არ დადგება დღე, როცა ამის გაკეთება აღარ შემეძლება.

- როგორია თქვენი ცხოვრება ახლა?

- ვუკრავ ფორტეპიანოზე და ეს ჩემი სიყვარულია. ვკითხულობ, ვხატავ აკრილით და ვწერ მუსიკას, ამიტომ საკმაოდ სავსე შემოქმედებითი ცხოვრება მაქვს. სიამოვნებით ვხატავ. არ ვიცი, კარგად თუ ცუდად, მაგრამ ვხატავ, თან ძალიან სწრაფად.

- ასე რომ, გსიამოვნებთ სიბერე?

- ჰო. ვინარჩუნებ ფორმას. სარკეში რომ ვიყურები, სახეზე ხაზებს ვხედავ, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ. კარგი დრო მაქვს. მოკვდავობა დიდი მაშველია, ის საბოლოოდ ყველაფერს მოგაშორებთ და ეს აუმჯობესებს ცხოვრებას. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის სად მივყავართ ცხოვრების გზას და ეს ერთგვარი გართობაა.

- მიაღწიეთ ყველაფერს, რაც გინდოდათ?

- მე ძალიან გამიმართლა. მქონდა ჩემი პრობლემები წარსულში, მაგრამ გავაგრძელე ცხოვრება მშვენივრად და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

https://the-talks.com/interview/sir-anthony-hopkins/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა