თეგებით ძიება

საფრანგეთში 3D-პრინტერით საცხოვრებელი კორპუსი ერთ თვეში დაბეჭდეს

საფრანგეთში 3D-პრინტერით დაბეჭდილი ევროპის ყველაზე დიდი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. შენობის სამ სართულზე 12 სოციალური საცხოვრებელი ბინა არის გადანაწილებული. მშენებლობის პროცესს მხოლოდ 34 დღე დასჭირდა.

ინფორმაციას Focus ავრცელებს.

ევროპის ყველაზე დიდი 3D-კორპუსი საფრანგეთის ქალაქ ბეზანში აშენდა. ეს შენობა, სახელწოდებით, “ViliaSprint2” დეველოპერ Plurial Novilia-მ არქიტექტურულ კომპანია HOBO Architecture-თან პარტნიორობით დააპროექტა. ის კომპანია PERI 3D Construction-მა 3D-პრინტერ COBOD BOD2-ზე დაბეჭდა.

სახლი იმავე დეველოპერის კიდევ ერთი, მეტად მსგავსი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით მდებარეობს, რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. თუმცა მის მშენებლობას სამი თვით მეტი დრო დასჭირდა.

საფრანგეთში ეს პირველი შენობაა, სადაც როგორც საყრდენი კონსტრუქცია, ასევე, ყველა კედელი ადგილზე დაიბეჭდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სახლის დაბეჭდვას 50 დღე დასჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 34 დღეში დასრულდა. მშენებლობის პროცესს მხოლოდ სამი ოპერატორი აკონტროლებდა. იმის მიუხედავად, რომ შენობის საძირკველი ცემენტის მსგავსი სპეციალური ნარევით დაიბეჭდა, სამშენებლო სამუშაოები, როგორიც სახურავის, ფანჯრებისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟია, ტრადიციული მეთოდით შესრულდა.

დეველოპერის თქმით, სახლის მოხრილი ფასადი და მომრგვალებული განლაგება მხოლოდ 3D-ბეჭდვის დახმარებით არის ეკონომიური. ტრადიციული მშენებლობის შემთხვევაში ასეთი რთული გეომეტრიული ფორმა შენობის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

სახლის ოპტიმიზირებულმა ფორმამ ბეტონი, დაახლოებით, 10%-ით დაზოგა. შენობა სითბოს დამჭერი ტექნოლოგიებით, ასევე, მზის პანელებითა და ავტონომიური გათბობით არის აღჭურვილი.

სახლის ინტერიერი 800 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს მოიცავს, რომელიც სამ სართულზე არის გადანაწილებული. ასევე, თორმეტი ბინიდან თითოეულს საკუთარი აივანი აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა