როგორ ზემოქმედებს კოფეინი სხეულის ცხიმზე? - მეცნიერების ახალი დასკვნა ცნობილია
საზოგადოების უმრავლესობას ყავის მიღება ძალიან უყვარს, შესაბამისად, ხშირად დასმული კითხვაა - მოქმედებს, თუ არა კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე?
თქვენს სისხლში კოფეინის დონე შეიძლება გავლენას ახდენდეს სხეულის ცხიმის რაოდენობაზე, ფაქტორზე, რომელმაც თავის მხრივ, შეიძლება განსაზღვროს მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა განვითარების რისკი.
ასეთი გახლავთ ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც გენეტიკური მარკერები გამოიყენა, რათა დაედგინა ზუსტი კავშირი კოფეინის დონეს, სხეულის მასის ინდექსს (BMI) და მე-2 ტიპის დიაბეტს შორის.
შვედეთის სამეფო ინსტიტუტის, ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებით დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნავს, რომ უკალორიო, კოფეინიანი სასმელები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სხეულში ცხიმის დონის შემცირების პოტენციური საშუალება.
„პლაზმაში კოფეინის გენეტიკურად პროგნოზირებული, უფრო მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებულია სხეულის მასის დაბალ ინდექსთან და მთელი სხეულის ცხიმის მასასთან. ამას გარდა, პლაზმაში კოფეინის გენეტიკურად პროგნოზირებული მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებული აღმოჩნდა მე-2 ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან. მე-2 ტიპის დიაბეტზე კოფეინის ეფექტების დაახლოებით ნახევარზე მეტი სხეულის მასის ინდექსის შემამცირებელი აღმოჩნდა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევაში გამოიყენეს 10 000 ადამიანის უკვე არსებული გენეტიკურ მონაცემთა ბაზა; ფოკუსირება მოახდინეს კონკრეტულ გენთა ვარიაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია კოფეინის დაშლის სიჩქარესთან. ზოგადად, გენებზე მოქმედი ვარიაციების მქონე პირები — კერძოდ CYP1A2-ს და მისი მარეგულირებელი გენის, სახელად AHR — კოფეინს უფრო ნელა შლის და სისხლში დიდხანს დარჩენის საშუალებას აძლევს. ასეთი ადამიანები ზოგადად უფრო ნაკლებ კოფეინს სვამენ.
წყარო: პირველი არხი