თეგებით ძიება

როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა? - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტებას აკეთებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.

"გეოლოგიური კვლევები, გეოფიზიკური კვლევები უკვე დაწყებულია და შესაბამისი სპეციალისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები სწავლობენ და ატარებენ შესაბამის კვლევებს, კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმაზე, შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება ავტოსასტრანსპორტო საშუალებების მოძრაობა", - თქვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

უწყებაში ამბობენ, რომ მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, რომლის 6 კილომეტზეც გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:

"კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატმენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს",- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ცნობისთვის, 30 მარტს რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე შეწყდა, რადგან გზასთან დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა