თეგებით ძიება

„გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო“ - რუსუდან შარაძე

აკადემიკოს, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკუს პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ლამის მთელი მსოფლიო, მათ შორის, საქართველო, ორად დაიყო - ე.წ. ლიბერალებად (სინათლე) და კონსერვატორებად (სიბნელე). ყოველ შემთხვევაში, ასე ცდილობენ წარმოჩინებას. არ უნდა არსებობდეს მესამე - ვისაც წარსულიც უყვარს, წინსვლაც და მასში ეს ორივე განცდა ბუნებრივად, ჰარმონიულად არის შერწმული. არადა, გაჩენის დღიდან, სწორედ, ასეთია ქართველების უმრავლესობა და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურაც ამის ნათელი დადასტურებაა.  

როგორია „ჩვეულებრივი“ ქართველი?  მას არ სჭირდება ვინმეს (გნებავთ იყოს გენიოსი) მიერ დაწერილი იდეოლოგია, არც პარტიული პროპაგანდები, რათა საკუთარი წარსული უყვარდეს, ან პროგრესისკენ მიილტვოდეს.  ის ბუნებით ნამდვილი ლიბერალია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და ასეთი იყო მაშინაც, სანამ საერთოდ, ეს ცნება დაიბადებოდა; კეთილია და ხშირად,  ლამაზიც, არხეინია (რაც ბევრჯერ სისხლით გადაუხდია) და ცნობისმოყვარე, ნიჭიერი, უყვარს კოხტა ჩაცმა-დახურვა, კაი დროსტარება, თანამედროვე სახლ-კარი, ცხენი თუ მანქანა... სწამს თუ არა,  სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი ღმერთის მიმართ მოწიწება და მაინც ხშირად ცოდვილია, თუმცა თავის ცოდვებს პროპაგანდად არ აქცევს. ის არაა ყალბი, ე.ი. არაა ქაჯი, გოიმი, რადგან სხვის როლს არ თამაშობს - არის ის, რაც სინამდვილეშია;  ჯერ საკუთარს აფასებს და მერე სხვისას, იცის, რომ ყველა ვერ იბრწყინებს, მაგრამ ისიც იცის, რომ ყველას აქვს ერთი რამ მაინც, რაც ბრწყინავს; გადამწყვეტ მომენტში,  მიუხედავად არხეინობისა, ათეიზმისა თუ ცოდვილობისა, ხმალს იღებს ხელში და თვალდახუჭული მიდის ღმერთისა თუ სამშობლოს დასაცავად. 

ჩვეულებრივი ქართველი ილიას  მიმდევარია - ქრისტესთვის, ილიასთვის და საკუთარი ოჯახისთვის ერთნაირად მოკვდება.

როგორია დღევანდელი ადამიანის სასურველი ტიპი? ის აუცილებლად პოლიტიკურად იდეოლოგიზირებული უნდა იყოს, მიეკრას რომელიმე მკვეთრი იარლიყი ორი გამოკვეთილი ბანაკიდან  და მერე უკვე ადვილია. „დაყავი და იბატონე!“ - ბანალურად ქცეული ფრაზა, სინამდვილეში, სულ არ არის ბანალური და დღემდე, საუკეთესო მექანიზმია. ორად დაყოფ თუ ათად, შედეგი  ერთია. 

ახლა ორია საჭირო.

გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო. ის მართლაც იყო ლიბერალი იმ საუკუნეში და იმ ისტორიული კონტექსტის გაგებით, რომელშიც მოღვაწეობდა და რომელიც აღიარებდა  კლასიკურ ლიბერალიზმს - პროგრესულ მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში. 

ლიბერალები ერქვათ მენშევიკებსაც და აგრეთვე, ბოლშევიკებს, ლენინისა და ტროცკის მეთაურობით - დღევანდელი ჯოგის იდეურ თუ ფიზიკურ წინაპრებს. 

ასეთ რაღაცეებზე ფიქრისას, ხშირად, მახსენდება გრიგოლ რობაქიძის მიერ მოთხრობილი ისტორია ვლასა მგელაძეზე, რომელშიც, მიუხედავად იდეოლოგიური „მოწამლულობისა“, მაინც იფეთქა იმან, რაც „ჩვეულებრივ“ ქართველებს ხელში ხმალს აღებინებდა და ააღებინებს ყოველთვის:

„1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ.

ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს „აღსდგა საქართველო". მე არ მეგულვება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითიურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე...

ხოლო თავად ვლასას რომ ჰკითხეს, სად იყავიო, ასე უთქვამს:  „მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო“.

ვცადე, დასკვნის სახით, კიდევ რამე დამეწერა, მაგრამ რაღა უნდა დავამატო?!“ - წერს შარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა