ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო საავტომობილო კოლაფსია შექმნილი - გზების დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, ავტოტრანსპორტის დროებითი აკრძალვის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკის გაღვივებას.
„ამჯერად, მორიგ ცრუ ბრალდებებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს მდგომარეობის დრამატიზებას.
მოსახლეობას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას რიკოთზე შექმნილი ვითარების შესახებ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან, არსებულ და არა ახალ აშენებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე, განვითარდა ახალი მეწყრული პროცესი. ამ პროცესის ნიშნები პირველად გამოვლინდა წელს, თოვლის დნობის შემდეგ. მონიტორინგის შედეგად, ახლად აღმოჩენილი ნაპრალების გაგანიერების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეწყერი განვითარებული არ არის და გზა თავისუფალია, სპეციალისტების რეკომენდაციით, ნებისმიერი შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. მეწყრული პროცესის შესასწავლად და გზის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დაიწყო აქტიური კვლევითი სამუშაოები.
ტყუილი და ცილისწამებაა ისიც, თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო, შექმნილია საავტომობილო კოლაფსი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტის 00:00 საათიდან გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, რომელსაც გააჩნია თავისი გამჭოლი განტვირთვის ღერძები: რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით - გომი-საჩხერე-შქმერი-ზუდალი-ონი-ამბროლაური, იმერეთის მიმართულებით - გომი-საჩხერე-ჭიათურა-კაცხი-ქვაციხე-თუზი-საზანო-ალისუბანი-რუფოთი-თერჯოლა-ჩქაროსნული მაგისტრალი და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი-ჩქაროსნული მაგისტრალი. 109 კმ-დან 103 კმ-ზე გზა ასფალტირებულია, ხოლო 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამასთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა 31 მარტის შუადღიდან. ამჟამად, სატვირთო ავტოტრანსპორტი რიკოთის მონაკვეთზე, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობს დადგენილი რეჟიმით - დღის საათებში, პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით და ე.წ. რევერსულად. ამასთან, მუდმივად წარმოებს დაკვირვება მეწყრულ უბანზე. შესაბამისად, ამ პირობებში რაიმე ეკონომიკურ კოლაფსზე საუბარი არის სრულიად გადაჭარბებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განვითარებული მეწყრული პროცესი არავითარ კავშირში არ არის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობასთან და განვითარებულია არსებულ გზასთან.
„სრული სიცრუეა ისიც, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებისას არ იქნა ჩატარებული შესაბამისი კვლევები. რიკოთის გზის მონაკვეთების მშენებლობის პროექტი მომზადდა ამერიკული, იტალიური, კორეული და თურქული წამყვანი საპროექტო კომპანიების მიერ და დადასტურდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაქირავებული სპეციალისტების მიერ. ბუნებრივია, პროექტირების პროცესში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გავიმეორებთ იმასაც, რომ რიკოთის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, ამ კომპანიების გამოცდილების და კომპეტენციის სრულიად უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო კომპანიების, ორგანიზაციების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას.
ასევე, სრულიად უსაფუძვლოა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დადანაშაულება პროექტის შესრულების ვადებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გაცემაში.
რიკოთის საგზაო მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული უბნის გეოლოგიური და გეოფიზიკური შესწავლის აქტიური პროცესი გრძელდება და მიმდინარე კვირის ბოლოს უკვე გვექნება პირველადი, წინასწარი შედეგები. ამ შედეგების ანალიზის საფუძველზე ცნობილი გახდება რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ვადები, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.