როგორია ყველაზე ელეგანტური ზოდიაქოს ნიშანი? - ასტროლოგების დასკვნა
ელეგანტურობა, დახვეწილობა ყველას უნდა, მაგრამ მსგავს კონდიციამდე მისვლას დიდი დრო და ბევრი მუშაობა უნდა.
როგორც ჯორჯო არმანი ამბობდა, ელეგანტურობა არ ნიშნავს ეჩხირებოდე თვალში, ეს ნიშნავს რჩებოდე გონებაში. ეს სტილის, მანერების, დახვეწილობის საოცარი ერთობლიობაა, რომელიც ადამიანის შინაგან კულტურას, ხასიათს, დამოკიდებულებას წარმოაჩენს და კვალს ტოვებს საზოგადოებაზე.
ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისთვის დამახასიათებელი, უნიკალური სტილი აქვს, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ მხრივ, სასწორები ყველაზე მეტად გამოირჩევიან. სასწორი ყოველთვის ფიქრობს, ვიდრე მოქმედებას დაიწყებს, აანალიზებს, სჯის, წონის რა არის უმჯობესი, როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.
სასწორი თავდაჯერებულია, მან იცის, როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება და დარჩეს ადამიანის მეხსიერებაში. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მმართველი პლანეტა სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ვენერაა, იგი მოხდენილობით, მაცდურობით, მომნუსხველი გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა ყოველივე ეს უმეტესწილად შინაგანი რწმენის დამსახურებაა. ელეგანტურობა სწორედ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემასა და მის სიყვარულში გამოიხატება. როდესაც ამის თავად გწამს, მაშინ მარტივია სხვასაც დააჯერო. ასევე სასწორი გამორჩეულად ფლობს სხეულის ენას, რაც კიდევ უფრო მეტად გამოხატავს მის ძლიერ პერსონალურ სტილს.