თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვინ ახდენს სინამდვილეში მანიპულირებას?!
მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრის „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ „სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით არის შემცირებული“ შეფასებულია, როგორც მანიპულირება იმ საბაბით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნეები დღემდე ბოლომდე შესრულებული არ არის.
სინამდვილეში სწორედ „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტი არის მანიპულირება, რომელიც მიზნად ისახავს მთელს მსოფლიოში სამაგალითოდ მიჩნეული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაციას და მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ დღევანდელ საქართველოში და კონკრეტულად ჯანდაცვაში არ შეიძლება რაიმე კარგად ან ძალიან კარგად კეთდებოდეს.
სადღეისოდ საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტზე გამოკვლეულია 2 600 000 უნიკალური პირი, რაც მთლიანი მოზრდილი მოსახლეობის 92%-ს შეადგენს. ნამკურნალევი და განკურნებულია 80 ათასამდე ავადმყოფი (ნამკურნალევ ავადმყოფებში განკურნება 99%-ია, როცა სამიზნე მაჩვენებელი მხოლოდ 95% იყო). საქართველოში არ მოიძებნება სხვა რომელიმე ცალკე აღებული ჯანდაცვითი პროექტი (საყოველთაო ჯანდაცვას თუ არ ჩავთვლით), რომელსაც ამდენი ავადმყოფის სიცოცხლე გადაერჩინოს და მოსახლეობისთვის ამდენი სიკეთე მოეტანოს.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს - მინისტრის განცხადებაში გაჟღერებული ფაქტი, რომ C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული, არის არა მანიპულირება, არამედ აბსოლუტური ჭეშმარიტება. კერძოდ: 2015 წელს ამერიკის CDC-ის და საქართველოს NCDC-ის ერთობლივი კვლევით დადგენილი იყო, რომ საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი ჰქონდა ზოგადი მოსახლეობის 5.4%-ს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული ზუსტად იგივე ტიპის კვლევამ უჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება მოსახლეობაში იყო სულ 1.8%, ანუ შემცირებული იყო 67%-ით. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევის შემდეგ თითქმის 2 წელია გასული და ძალიან დიდი ალბათობით სადღეისოდ ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება კიდევ უფრო მეტად იქნება შემცირებული. რაც შეეხება პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს, მინისტრი თავის განცხადებაში მათ საერთოდ არ შეხებია და შესაბამისად, რაიმე მანიპულირებაზე ლაპარაკი ვერ იქნება.
პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით კი სინამდვილე ასეთია:
მსოფლიო გამოცდილებით ისეთი მეგაპროექტები, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა, თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერასოდეს ეტევა, მაგრამ ამბიციური ორიენტირების დასახვა მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო. ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან პროგრამის რეალურად შესრულებაზე ხელშეკრულება თავიდანვე, ხაზს ვუსვამ თავიდანვე, გააფორმა არა ხუთი წლის, არამედ ათი წლის ვადით, ანუ 2025 წლამდე (და არა 2020 წლამდე) და სწორედ ამ ვადებში უნდა შესრულდეს პროგრამის სამიზნეები. რაც შეეხება 2020 წელს, ეს იყო საქართველოს ამბიციური პირობითი/წინასწარი ორიენტირები ქვეყნის შიგა მოხმარებისთვის და ძალისხმევის მობილიზებისთვის და არავითარი ვალდებულება 2020 წლისთვის პროგრამის უცხოელი პარტნიორების წინაშე ქვეყანას არ ჰქონია. ასეთი ვალდებულებები ქვეყანას აქვს მხოლოდ 2025 წლისთვის და ეს ოფიციალურად ასახულია პროგრამის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში.
ცნობისთვის, ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სტრატეგია მხოლოდ 2030 წლისთვის ითვალისწინებს C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების (ისიც მხოლოდ ახალი შემთხვევევის და არა გავრცელების) შემცირებას 90%-ით. ამასთან ჯანმომ კარგად იცის, რომ ქვეყნების დიდი უმეტესობა ამ ვადებშიც ვერ ჩაეტევა, მაგრამ საჭიროდ თვლის, რომ ამბიციური მიზნები და ორიენტირები იყოს დასახული. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი პროგრამა უწყვეტად გრძელდება და ჩვენი ამერიკელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან (ამერიკის CDC, საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი - TAG, კომპანია Gilead) რომლებიც პროგრამის უმკაცრეს და დეტალურ მონიტორინგს ახორციელებენ, არცერთ ეტაპზე არცერთი, თუნდაც მინიმალური პრეტენზიაც კი არ გამოთქმულა. პირიქით - ისინი ყველა ეტაპზე თვლიდნენ და თვლიან, რომ პროგრამა მოსალოდნელზე მეტი წარმატებით სრულდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ COVID პანდემიის გამო თითქმის 3 წელი პრაქტიკულად დავკარგეთ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, წარუმატებელი პროგრამისთვის და ცუდი მენეჯმენტის შემთხვევაში კომპანია Gilead ასეთ სერიოზულ ინვესტიციებს აღარ გააგრძელებდა. რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წლისთვის წარმატებით შესრულდება - ის, რომ პროგრამის დაწყებიდან 6 წლის მანძილზე (2015-დან 2021 წლამდე) მოხერხდა ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფთა რაოდენობის 67%-ით (1.8%-მდე) შემცირება და პროგრამის მთავარ სამიზნე ნიშნულამდე (C ჰეპატიტის გავრცელების 90%-ით - ანუ 0.5%-მდე შემცირება 2025 წლისთვის) დარჩენილია მხოლოდ 23% (სადღეისოდ, ალბათ კიდევ უფრო ნაკლები), რისი შესრულებაც დარჩენილ დროში პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან ძალისხმევა ძირითადად კონცენტრირებულია სწორედ იმ პირებზე, რომელთაც დადგენილი აქვთ C ჰეპატიტის დიაგნოზი, მაგრამ უარს აცხადებენ შემდგომ კვლევებსა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, ასეთი ავადმყოფები არც თუ ისე ცოტაა. პაციენტების დამყოლობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პრობლემაა და არამარტო C ჰეპატიტის და არამარტო საქართველოს შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, მკურნალობენ მხოლოდ იმ C ჰეპატიტით ავადმყოფებს, რომლებიც თვითონ მიმართავენ ექიმს და გამოთქვამენ გამოკვლევის და მკურნალობის სურვილს. საქართველოში კი ხდება C ჰეპატიტით ავადმყოფების აქტიური გამოვლენა (მოძიება) მთელი მოსახლეობის სკრინინგით, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით და ყველა გამოვლენილი C ჰეპატიტით ავადმყოფის დარწმუნება, რომ ჩაიტარონ მკურნალობა. სწორედ ეს არის ძირითადი განსხვავება C ჰეპატიტის ელიმინაციასა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე გაფართოებულ ხელმისაწვდომობას შორის. პაციენტთა დამყოლობის გაზრდის მიზნით ჩვენ გავაფართოვეთ სერვისების მიწოდება პირველადი ჯანდაცვის რგოლებსა და სათემო ორგანიზაციებში, რაზეც რამდენიმე წლის წინ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 აპრილს ქ ვენაში ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) ღვიძლის საერთაშორისო ფონდმა საქართველო (პირველად მსოფლიოში) დააჯილდოვა ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ბრწყინვალების ცენტრის (Centre of Excellence in Viral Hepatitis Elimination) სტატუსით. 2021 წელს აშშ CDC-იმ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გუნდს გადასცა ჯილდო - აშშ CDC-თან ბრწყინვალე პარტნიორობისთვის (The Excellence in Partnering award from the US CDC to Georgian Hepatitis C Elimination team.), ხოლო 2023 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმოს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა (ასეთი ევროპაში სულ ორია: ბერლინსა და თბილისში). 2022 წლის 20 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეიის სესიის დღეებში გაიმართა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის „მეგობართა ჯგუფის“ დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანი იყო მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით. შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში გლობალური ლიდერი ქვეყნის სტატუსით (“Georgia is a global leader in hepatitis C elimination”) მიწვეული იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი ზურაბ აზარაშვილი, რომელსაც წილად ხვდა პატივი შეხვედრაზე გაეკეთებინა მოხსენება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელის შესახებ და სპეციალური მიმართვით მიემართა მსოფლიო ქვეყნებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ძალისხმევის გაერთიანების მოწოდებით. აღარაფერს ვამბობ ამერიკული მხარის მიერ პროგრამის შესრულებაში მონაწილე დაწესებულებებისა და ცალკეული სპეციალისტებისათვის გაცემულ გრანტებსა და წახალისებებზე, რომლებიც დღემდე გრძელდება.
ელემენტარულია, რომ პროგრამის ცუდად შესრულებისა და ცუდი მენეჯმენტისთვის (როგორც ეს „ფაქტ-მეტრს“ უნდა წარმოადგინოს) ასეთი მაღალ ჯილდოებს და აღიარებას არ იძლევიან. შეადარეთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციების და „ფაქტ-მეტრის“ შეფასებები და დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციაში მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად არა მხოლოდ ქვეყნის მცირე მასშტაბის და C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების (ასეთი ქვეყნები სხვებიც არის) გამო შეირჩა, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკულმა მხარემ და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებზე (მათ შორის განვითარებულ ქვეყნებზე) უკეთ შეძლებდა ამ პროგრამის შესრულებას და ისინი ქვეყნის შესაძლებლობებს პროგრამის დაწყებამდე თითქმის ერთი წელი ამოწმებდნენ. სხვანაირად რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციებს მაინცდამაინც საქართველოსთვის არავინ გაიღებდა.
საქართველო შეზღუდული ეკონომიკური რესურსების მქონე განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ მისი ჯანდაცვა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვასთან შედარებით. მით უფრო დასაფასებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში საქართველო აღიარებულია მსოფლიო ლიდერ ქვეყნად, ხოლო თვით პროგრამამ საქართველოს მოსახლეობას უდიდესი, ფასდაუდებელი სიკეთე მოუტანა.
ზოგადად ბოლო წლებში ქვეყნის ჯანდაცვაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რასაც მოსახლეობა თავის თავზე გრძნობს. მოსახლეობას აღარ ეშინია ავად გახდომის და იმისთვის, რომ მკურნალობისთვის სახლების გაყიდვა მოუწევს. ამჟამად ჯანდაცვაში მიმდინარეობს რიგი სიღრმისეული სისტემური რეფორმები (მედიკამენტებზე ფასების შემცირება, საყოველთაო ჯანდაცვაში DRG მოდელზე გადასვლა, ინფექციების კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა, B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და სხვ.), რომელთა დამთავრების შემდეგ ქვეყანა მიიღებს განახლებულ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.