"მარტო ვცხოვრობ და ბევრ კანფეტებს გიყიდიო" - უცნობმა მამაკაცმა მოსწავლის სახლში მიტყუება სცადა
ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეს, უცნობმა კაცმა საკუთარ სახლში წაყვანის მიზნით, კანფეტები შესთავაზა. ფაქტის გამო, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, შემთხვევა 2 მაისს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.
როგორც კლასის დამრიგებელი "სამხრეთის კარიბჭეს" უყვება, ქუჩაში მდგარ გოგონებს უცხო მამაკაცი მანქანიდან გამოელაპარაკა:
„დილით ერთ–ერთმა მოსწავლემ მითხრა: მასწავლებელო გუშინ უცხო კაცი შემხვდა და მითხრა წამომყევი შოკოლადებს გიყიდიო. მე კი ყველაფერზე უარი ვუთხარიო. ამასობაში კლასში კიდევ სამი გოგონა მოვიდა, ეტყობა ჩემს მისვლას ელოდნენ, ოთხივე შემოეხვია, მათაც იგივე დაადასტურეს. კაცს უთქვამს – ლამაზო კულულებიანო გამომყევი, მარტო ვცხოვრობ გორში წაგიყვან და ბევრ კანფეტებს გიყიდი, თუ არ წამომყვები ძალიან ინანებო. ბავშვი გაიქცა და ერთ–ერთი კლასელის მშობელს უთხრა, მაგრამ ეს დეტალები არ მოუყოლია, უბრალოდ უთხრა, რომ ვიღაც კაცი დაელაპარაკა“,- აცხადებს დამრიგებელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები ერთ–ერთ მშობელს ჰყავდა ჩაბარებული, რომელიც ბავშვებთან ახლოს მანქანაში იმყოფებოდა.
„როგორც მშობელმა თქვა, იმდენად ხალხმრავალი ადგილი იყო, რომ მომხდარი არ ჩაუთვლია საგანგაშოდ და არც სახეში შეუხედავს, მხოლოდ ის მიაძახა – ამხელა კაცი რას ელაპარაკები ბავშვებსო, კაცმა ასეთი პასუხი გასცა – რა მოხდა მერე ქალბატონოო. ბავშვები საერთოდ არ იყვნენ შეშინებულები, ამიტომ მათ ნაწილს თავიდან მშობლებთანაც არ უთქვამს ეს ამბავი“,- ამბობს დამრიგებელი.
რაც შეეხება პოლიციის გამოძახებას, როგორც მასწავლებელი ამბობს, გადაწყვეტილება მანდატურმა მიიღო.
„მშობლებს გუშინვე რომ დაერეკათ კარგი იქნებოდა. დღეს რადგან ეს ინფორმაცია სკოლაში შემოვიდა მანდატურმა დარეკა და ჩვენ, სკოლაც რა თქმა უნდა მზად ვიყავით ყველაფერი გვეთქვა, ამის დაფარვა არც არავის უცდია“.
იგივეს ამბობენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლებიც: „კაცს უთქვამს სახლში კანფეტები მაქვს და გამომყევი, თორემ ინანებო“.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მშობლები უკვე გამოჰკითხეს.
იდენტიფიცირებულია თუ არა მამაკაცი და რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ამ ეტაპზე უცნობია.