ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს.
„არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა. სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე, იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში. ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში”, - აცხადებენ საპატრიარქოში.