თეგებით ძიება

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის 11 წლის შვილი ბრუცელოზით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ავრცელებს.

მისი თქმით, ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა.

"ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, უმარილო. აქედან გადავიდა დაავადება. თავიდან ექიმებმაც ვერ გაიგეს. 10–15 დღე სხვა რამეზე მკურნალობდნენ, 40 გრადუსამდე ასდიოდა ტემპერატურა. სახსრების ტკივილი და სისუსტე ჰქონდა. ბოლოს ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბრუცელოზი იყო. 15 დღე „პედიატრიულ პრივატ კლინიკაში“ ვიყავით. დაახლოებით 25 აპრილს გამოუვლინდა სიმპტომები ბავშვს და დღემდე სიცხეები აქვს, ვმკურნალობთ. ძალიან ძნელი დასადგენი დაავადებაა“, – ამბობს ამბარცუმ ბაბონიანი.

ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოსახლეობაში სწრაფად უნდა გავრცელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სხვა ადამიანებიც დაავადდნენ.

"ძალიან საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ამიხსნეს,  როცა ყველი ქარხანაში კეთდება და რძის ტემპერატურა ადის მაღალ გრადუსზე, ვირუსი კვდება. სახლის პირობებში 20 გრადუსამდეც არ არის და ამით ვირუსი ცოცხალი რჩება. მინდა, რომ ფრთხილად იყოს მოსახლეობა. ეს ისეთი დაავადებაა, რომ თუ დროული ყურადღება არ მიაქციე, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ჩვენს რეგიონში შემთხვევები ფიქსირდება და მგონია, რომ ეს ბევრმა არ იცის. ამის გამო შესაძლოა უბედური შემთხვევაც მოხდეს“, – აცხადებს დეპუტატი.

როგორ ვრცელდება ბრუცელოზი?

ბრუცელოზის ბაქტერია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით  გამოიყოფა დაავადებული ცხოველის მოგების (მშობიარობის)  პერიოდში ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან და სანაყოფე სითხესთან ერთად. მიკრობები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს შარდითა და რძით.

ცხოველები ავადდებიან დაინფიცირებულ საკვებთან, წყალთან, სადგომთან, მოვლის  და სხვა საგნებთან ექსპოზიციის დროს. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტან-ხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. დაინფიცირების ყველაზე  მაღალი რისკის ქვეშაა პერსონალი, რომელიც ცხოველს უწევს სამეანო (მშობიარობის, მომყოლის შეჩერების და სხვა) დახმარებას.

ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება  შესაძლებელია რძის ადუღებით. ბაქტერია 600C-ზე გაცხელებისას კვდება 30 წუთში. შედარებით დიდხანს ძლებს ყველში. უსაფრთხოების მიზნით, არ მიიღოთ უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები. რეპროდუქციულ ქსოვილებთან შეხების დროს  გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, ნიღაბი).

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა