მტკვარზე კიდევ ერთი - 19-მეგავატიანი ურბნისი ჰესის მშენებლობა იგეგმება
ქარელის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის - "ურბნისი ჰესის" მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. პროექტს შპს "ენ-სი 2022" ახორციელებს.
"ურბნისი ჰესი" კალაპოტურ ჰესების კატეგორიას განეკუთვნება. დადგმული სიმძლავრე 19.3 მეგავატ საათი იქნება და მისი წლიური გამომუშავება 49 მილიონ კილოვატ საათზე არის დაგეგმილი.
"ურბნისი ჰესის წყალსაგდები კაშხალი 4 წყალსაგდები მალისაგან შედგება. თითოეული მალის სიგანე შეადგენს 9.0 მ-ს და მასში დამონტაჟებულია 6.0×9.0 მ ზომის ზედაპირული, ბრტყელი, ბორბლიანი ფარი, ზემოდან წყალგადასადინებელი სარქველით. ფარი უზრუნველყოფს ჰესის ზედა ბიეფში წყლის შეტბორვას 616 მ ნიშნულამდე. წყალსაგდები ფარების რაოდენობა და ჯამური სიგანე მიღებულია იმ გათვლებიდან გამომდინარე, რომ ამ მალების მეშვეობით მოხერხდეს მდინარე მტკვრის მაქსიმალური საანგარიშო 1%-იანი ხარჯის, 1455 მ3/წმ, გატარება. იმ შემთხვევაში, თუ მდინარეში მაქსიმალური წყალდიდობის ხარჯის წამოსვლისას ვერ მოხერხდება 4-დან ერთ-ერთი ფარის გახსნა, მდინარის მაქსიმალური ხარჯის გატარებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ე.წ. გამრეცხი ფარები. ჰესის წყალსაგდები ბლოკის განივი კვეთის გაბარიტები დაინიშნა იმ გათვლებიდან გამომდინარე, რომ კაშხალი საიმედო ყოფილიყო დაცურებაზე და გადაბრუნებაზე. ჰესის დეტალური პროექტის, კერძოდ წყალსაგდები კაშხლის არმირების სქემის დამუშავებისას, მოხდება კაშხლის სიმტკიცის გადამოწმება, მიღებული არმირების სქემის, არმატურის დიამეტრების და ბიჯის გათვალისწინებით. აღნიშნული ვრცელდება ჰესის შემადგენლობას შემავალ სხვა კვანძვებზეც. „ურბნისი ჰესი“-ს ჰესის წყალსაგდები კაშხლის კონსტრუქციის ძირითადი ნიშნულებია:
მდინარის ფსკერის გასაშუალოებული ნიშნული - 607 მ.ზ.დ.
წყალსაგდებ მალებში ჩამონტაჟებული ფარების ქიმის ნიშნული - 611.0 მ.ზ.დ.
წყალსაშვიანი, წყალსაგდები კაშხლის ბეტონის კონსტრუქციის ქიმის ნიშნული - 610 მ.ზ.დ"- ნათქვამია პროექტის სკოპინგის ანგარიშში.
ამასთან, კომპანია „ენ-სი 2022“ მდინარე მტკვარზე კიდევ ხუთი ჰესის მშენებლობას გეგმავს:
გრაკალი ჰესი - 17 მეგავატის სიმძლავრის;
ოსიაური ჰესი - 14.2 მეგავატის სიმძლავრის;
კასპი ჰესი - 22.4 მეგავატის სიმძლავრის;
ქსანი ჰესი 1 - 18.3 მეგავატის სიმძლავრის;
ქსანი ჰესი 2 - 19.4 მეგავატის სიმძლავრის.
შესაბამისად, როგორც ურბნისი ჰესის, ასევე დანარჩენი ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 109.5 მეგავატი იქნება.