26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები - კახა კალაძე
ეს არის მორიგი სპეკულაციები და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ ეს კონკრეტული ადამიანები, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ევროკავშირის დროშის საკითხს.
მისი თქმით, კონსტიტუციაში წერია ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი, თუმცა პირველი, რაც წერია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
"26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშები.
არ ვიცი, ეს სიბინძურე და სპეკულაციები რას ემსახურება, თუმცა იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ევროინტეგრაციის მიმართულებით, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის მოწოდებული, ყველაფერს ვაკეთებთ და ამ ყველაფერში ოპოზიცია და ის ადამიანები ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებენ. ჩვენ ხშირად გვახსენებენ, იმას რომ აი, კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა, გვიწერია და ეს ზუსტად ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით მოხდა, ამ ყველაფრის ჩაწერა კონსტიტუციაში. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველი რაც წერია, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე არის უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი", - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა წელს ევროკავშირის დროშით აღარ იქნება გაფორმებული.