რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, არც კონფლიქტი - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები იყო და საქართველომ ტერიტორიები დაკარგა.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება. გუშინ, ჩემ გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი, ჩემი აზრით, მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი გაერთიანებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.
რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს, ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი. ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები, ტერიტორიების დაკარგვა.
გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რამე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ომი ყოფილიყო, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.