თეგებით ძიება

დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველო დატოვა - რა ინფორმაციას ავრცელებს 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე შოთო სიხარულიძე?

"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და წერს, რომ დედოფლისწაროელი კაცის სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა დატოვა.

"მოკლული იპოვეს. 10-დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ლეღვაში, ტყეში დამარხული იპოვეს.

2003 წელს დაბადებულ გიორგი ალხანიშვილს პოლიცია 22 მაისიდან ეძებდა. დღეს კი მის ცხედარს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა. მოკლული დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანიდანაა. მან ზემო მაჩხაანის სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, ალხანიშვილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, მოკლულის მშობლები ზემო მაჩხაანიდან არიან, თუმცა დედა, მარინა მაძღარაშვილი ბოლო ხანს ბათუმში ცხოვრობდა, რის გამოც ბიჭი პერიოდულად აჭარაში იმყოფებოდა.

„დაწყებით საფეხურზე სწავლობდა ბათუმის სკოლაში და ეს ბიჭები მისი კლასელები იყვნენ. დედა ბათუმში მუშაობს და ახლაც ამიტომ იყო ბათუმში. როცა მოიზარდა ზემო მაჩხაანის სკოლაში გადმოიყვანეს, რადგან ბიჭია და მამა უკეთ მიხედავსო. მაჩხაანში დაამთავრა სკოლა. ბოლო დროსაც ხან ბათუმში იყო დედასთან, ხან კახეთში ჩამოდიოდა, “ - აცხადებენ ზემო მაჩხაანში.

ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა. როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს. სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ. როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს" - ციტირებს შსს-ს განცხადებას სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა