"სამი წელია ციხეში არ ვყოფილვარ. დღეს განვაახლე..." - რას წერს გიორგი კეკელიძე?
მწერალმა, გიორგი კეკელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტები განაახლა და წერს, რომ ამიერიდან მსჯავრდებულებს თვეში ერთხელ შეხვდება.
"სამი წელია ციხეში არ ვყოფილვარ. დღეს განვაახლე და ამიერიდან თვეში ერთხელ ვივლი სხვადასხვაგან. შევხვდი ,,უვადოებს". მათგან ზოგს ვიცნობდი - ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე.
მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს და ისედაც კედლებს მიღმა მყოფი ადამიანების რაღაც შორეული პედესტალიდან ჭკუის სწავლება, მეორე მხრივ - არც ყალბი და ბრტყელი სიტყვები მგონია მართებული: ,,აბა, ახლა გაქვთ უპირატესობა - წიგნები იკითხეთ, ჭადრაკი ითამაშეთ" და მისთანანი. ჰოდა, ვუთხარი, რომ მე, შეიძლება, მათზე სასტიკი ფიქრები და სურვილები მქონია, მაგრამ იმით განვსხვავდებით, რომ ტაბუმ თუ კანონის შიშმა შემზღუდა. რომ საერთოდაც თავისუფლება თავის დაუფლება უფრო მგონია. კი არ მგონია, ციხის მაგალითით თავისუფლება ეგეც არის - ,,ნუ სდევ წადილთა ნებასა." ცხადია, თავისუფლება ყოფითი გაგებით. მაგრამ ადამიანი დიდწილად ყოფითი არსებაა და ბროდსკისეული - ,,ციხე, არსებითად, არის სივრცის ნაკლებობა, კომპენსირებული დროის სიჭარბით" და ალბათ პირიქით - ფილოსოფიურ სადღეგრძელოდ უფრო გამოდგება, რაც უნდა სიმართლეს ჰგავდეს. ეგეთი ამბები მხოლოდ გარეთ მუშაობს გამჭრიახ მაქსიმებად. შიგნით კი, შიგნით - სულ სხვა ფიქრი დუღს. მით უფრო თუ ,,უვადო" გქვია. რაზეც შევთანხმდით, ისაა რომ ცხოვრება გაძლების საქმეა და ხშირად სრულიად უსამართლო. რომ სამართალი რომ ურმით დადის, ეგ ურემი სანამ შენთან მოვა, შეიძლება მასზე შემოსადები და გასასვენებელი იყო. განა პესიმისტური გამოდგა ეს ლაპარაკი. უბრალოდ, ვთქვით, რომ მოცემულობები უნდა მივიღოთ და მათი მიხედვით გავუყვეთ გზას და არა თვალახვეული. რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა ფერსიცვალების უნარის ქონაა, რომ მონანიებაც ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია და რომ კიდევ შევხდებით. ათი მსჯავრდებული იქნებოდა - სულ მცირე 18 წელი ჰქონდა თითოს მოხდილი. მერე დავტოვე ათი დამნაშავე. წესისამებრ გამჩხრიკეს და წამოვედი. ნელ-ნელა მოხშირდა ქუჩები, ქუჩებზე - ადამიანები. უდანაშუალო ადამიანები გულგრილი სახეებით და ჩქარი ნაბიჯებით. ის ათი დამნაშავე კი უკვე ბევრი კილომეტრით და 18 წლის მოშორებით იჯდა და ამ უდანაშაულო ადამიანებმა მათ შესახებ არაფერი იცოდნენ - საკუთარ საქმეებზე მიიჩქაროდნენ. და მგონი არც ის იცოდნენ, რომ ,,მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს", - წერს გიორგი კეკელიძე.