რა შემთხვევაში მივიღებთ სტატუსს? - ხატია დეკანოიძე მიზეზს ასახელებს
გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია და რისკია, რომ ამის გამო სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ.
"ორი სცენარია განვითარების: რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება სრული კატასტროფა. თუმცა, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი. შუალედურმა დასკვნამ გამოავლინა, რომ რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია, სამის გარდა ყველა არის ნაწილობრივ შესრულებული ან საერთოდ შეუსრულებელი, ამიტომ ამ მხრივ პასუხისმგებლობის გააზრება ხელისუფლების მხრიდან არის აუცილებელი. ასევე, ორი დავალებაა შესასრულებელი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტა, რომელიც მუდმივად გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან," - განაცხადა დეკანოიძემ.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.