თბილისში, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 - კრწანისის რაიონში. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.
„დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული პროგრამის მოგვარებაში მოქალაქეებს დავეხმარებოდით. დღეის მდგომარეობით 3000-მდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აწუხებს ეს საკითხი. მათ უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ჩვენი თანამშრომლები ყველანაირად დაეხმარებიან და აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფართების დაკანონება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.