თეგებით ძიება
07. 07. 2023 მსოფლიო

ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიენიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ. ინფორმაციას გამოცემა ABC აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.

აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.

ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.

რაც შეეხება მეორე ანალოგიურ პრეპარატს, Aduhelm-ს, მას ავტორიზაციას ჯერ წლები აშორებს.

საავადმყოფოებისა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანების მიერ წამლის მიღების დაწყებას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

აუცილებელია, პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტებმა მიიღონ, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ექთნები უნდა გადამზადდნენ და პაციენტები მონიტორინგის ქვეშ იყვნენ განმეორებით ტვინის სკანირებით, რათა შეამოწმონ შეშუპების ან სისხლდენის შემთხვევებს ხომ არ აქვს ადგილი.

Eisai-მ ინვესტორებს განუცხადა, რომ, შესაბამისი დიაგნოზის მქონე, დაახლოებით, 100,000 ამერიკელს შეეძლება მიიღოს Leqembi 2026 წლისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა