თეგებით ძიება

„დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ტაძარში არ ვივლიდი და ცოდვებს არ მოვინანიებდი, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს.

„- შემიძლია ასე ვიყო საათობით გაუნძრევლად შენთან ერთად და მზის ჩასვლას ვუყურო - თქვა გოგომ 

- რა თქმა უნდა - ვუთხარი მე.

- წითელ ღვინოს ინებებთ თუ თეთრს - გვითხრა იქაურმა ბიჭმა.

- თეთრს - უთხრა გოგომ - არა, არა წითელი ტკბილი მოგვიტანეთ. ანდა არა - თეთრი იყოს.

იქაურმა ბიჭმა ღვინო მოიტანა, ჭიქაში  ბოთლის ოსტატური წაქცევით ხუთი წვეთი ჩაასხა, მერე ჭიქა მაღლა აღმართა და მსუბუქად დაატრიალა ცალი თვალის მოჭუტვით, თითქოს მზის ღმერთს შესწირაო მორიგი 15 დოლარი.

- რა კარგია შენთან - მითხრა გოგომ - გარეთ სამყარო აღარც არსებობს და ვართ მხოლოდ მე და შენ - მარადიულ უსასრულობაში. გრძნობ  ჩემს გულისცემას?

- ასე შორიდან? - გავრისკე მე.

გოგოს ეწყინა, მაგრამ მალე გადაუარა.

 - ძალიან მიყვარს პაემნები. აი, ძალიან! - თქვა გოგომ

მე არაფერი მითქვამს.

- გესმის ჩიტები ჭიკჭიკი? წარმოიდგინე, სოფელში, შენთან, აივანზე ვზივართ და ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გვესმის. 

წარმოვიდგინე.

საგანგებო სანთელი ჩაქრა. გამოვცვლით - თქვა საიდანღაც იქაურმა ბიჭმა. 

- აუცილებლად გამოცვალეთ! - უთხრა გოგომ - ღვინო. სანთელი. მყუდროება. მოიცა, რაღაც გვაკლია. იცი, რა?

მე არ ვიცოდი.

- ყვავილები, სულელო! - გაიცინა გოგომ და ცხვირზე თითი მომაჭირა.

- გახედე, ნახე, მზე რა ლამაზად ჩადის!

მე საათს დავხედე. ცხრის ნახევარი იყო.

- ასე საათობით შემიძლია ვიჯდე, გაუნძრევლად და არაფერზე ვფიქრობდე! - თქვა გოგომ - დღეს არსად მეჩქარება. სანამ არ დაიკეტება, ვიჯდეთ. თუნდაც ჩუმად. ვისუნთქოთ ჰაერი. შევიგრძნოთ თავისუფლების ნეტარება. ვიყოთ ასე გაშეშებული. შევიგრძნოთ ერთმანეთის ფიქრი. გავაერთიანოთ. საათობით. გაუნძრევლად. რა საოცარია არა? საათობით. გაუნძრევლად. საათობით. გაუნძრევლად!

- მართალი იყო დედაჩემი! - ვთქვი მე.

- რა? - მკითხა გოგომ.

- არა, არაფერი.

ხოლო დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ტაძარში არ ვივლიდი და ცოდვებს არ მოვინანიებდი, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მე გუშინწინ მოვკვდი. თან ისე, რომ ტაძარში მისვლა ვერ მოვასწარი“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა