ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ".
ცნობისთვის, რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა.
შეთანხმების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიიღონ მეორის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. ასევე, გათვალისწინებულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეობა ჰქონდათ და დღემდე შეინარჩუნეს.