უძილობა - მარტივი პრობლემა თუ სერიოზული დაავადების ნიშანი?
უძილობა ანუ ინსომნია ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია - მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული.
ინსომნიის გამომწვევ მიზეზებზე, მისი მკურნალობისა და პრევენციის გზებზე ექიმი-ნევროლოგი, თამთა ირემაძე გვესაუბრება:
ძილი და მისი ფაზები
ძილი ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ბუნებრივი ციკლის ნაწილია და შედგება რამდენიმე ფაზისგან. ამ შემთხვევაში მის ორ ძირითად მდგომარეობას შევეხებით, ესენია: თვალის სწრაფი მოძრაობის ანუ სწრაფი ძილის (REM) და თვალის ნელი მოძრაობის - ნელი ძილის (NREM) ფაზები.
ნელი ძილი, თავის მხრივ 4 ეტაპისგან შედგება და თითოეული მათგანი 5-დან 15 წუთამდე გრძელდება. ისინი REM ფაზის დადგომამდე პროგრესირებენ, შემდეგ კი ციკლი ისევ მეორდება. სწორედ ნელი ძილის (NREM) ფაზაში ხდება სხეულის აღდგენა, ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაცია, იმუნური სისტემის გაძლერება. სწრაფი ძილის (REM) ფაზის დროს კი, ადამიანის ძილი შედარებით ზერელეა და სიზმრებსაც ძირითადად ამ ფაზაში ვხედავთ. ძილის ეს ფაზა მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ადამიანის ასაკი და ძილის ხანგრძლივობა
საერთო ძილისა და მისი ფაზების ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა: ჩვილ ბავშვებს დღეში 16-18 საათი უნდა ეძინოთ, უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს - 10 საათი, მოზრდილებს - 7-8 საათი. თუმცა, ეს მოსაზრება აქსიომა არ გახლავთ და ბიოლოგიური ციკლი შეიძლება ინდივიდუალური იყოს ყველა ადამიანისთვის - ზოგს ძილისთვის 8 საათზე ნაკლები ეყოს, ზოგისთვის კი გამოსაძინებლად ეს დროც არ იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში მთავარი ძილის ხანგრძლივობა კი არ არის, არამედ ის, თუ როგორი ფუნქციონირების უნარი აქვს ადამიანს მეორე დილით.
50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება და საშუალოდ 5,5- 6 საათს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის საღამოს ადრიანად დაიძინებს, შეიძლება გათენებამდე შეასრულოს თავისი ასაკის შესაბამისი ძილის ციკლი და ეს ფაქტი ინსომნიაში არ უნდა აერიოს.
რა არის ინსომნია?
ინსომნია ძილის მოშლაა და ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში. მისთვის დამახასიათებელია როგორც ღამის ძილის პერიოდის შემცირება, ასევე მისი ხარისხობრივი დარღვევა (ჩაძინების გაძნელება, ზერელე ძილი, ნაადრევი გაღვიძება და ა.შ).
ინსომნია შეიძლება იყოს: ეპიზოდური, ხანმოკლე და ქრონიკული;
ეპიზოდურია ინსომნია, როდესაც ძილის დარღვევა გრძელდება ერთი ან ორი ღამის განმავლობაში; ხანმოკლე ინსომნიის დროს, უძილობა შეიძლება ერთი კვირიდან 3-4 კვირამდე გაგრძელდეს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილის დაღვევა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება - ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს საქმე.
გამომწვევი მიზეზები
ეპიზოდური და ხანმოკლე ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს: მსუბუქმა ნერვიულობამ, ხმაურმა, უჰაერობამ, მოუხერხებელმა საწოლმა, ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, მაგარი ჩაი, შოკოლადი და ა.შ.) მიღებამ, ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლამ ( სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლამ, დროის სარტყლის შეცვლამ), ძილის წინ სიგარეტის მოწევამ, სიმთვრალემ, რომელიმე მწვავე დაავადებით გამოწვეულმა ტკივილმა და ა.შ.
რაც შეეხება, ქრონიკული ინსომნიას, ის უკვე დაავადებად ითვლება და მისი გამომწვევი მიზეზებიც უფო მძიმეა: ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია, სომატური ან ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ტვინის ორგანული დაავადებები (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრამვული დაზიანება), მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
რა სიმპტომებით ვლინდება ინსომნია?
ინსომნიის სიმპტომებია:
სირთულე ჩაძინებისას;
ზედაპირული ძილი - როცა ადამიანი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება და არ შეუძლია სრულყოფილად დასვენება;
ადრე გაღვიძება;
ძილის შეგრძნების არ ქონა - ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას გარკვეული პერიოდი ეძინა.
კოშმარული სიზმრები.
დიაგნოსტიკა
უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე.
თუმცა არსებობს ძილის ფაზების, ცალკეული სტადიებისა და დარღვევების კვლევის მეცნიერული მეთოდი, რომელსაც სომნოგრაფია წოდება.
სომნოგრაფიაში მოიაზრება:
ელექტროენცეფალოგრამა - თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია; ელექტროოკულოგრამა - თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს;
ელექტრომიოგრამა - ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს;
ელექტროკარდიოგრამა - გულისცემის გრაფიკული გამოსახულება;
სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა;
ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე - სპეციალური მოწყობილობით სისხლის ჟანგბადით ნაჯერობის შემოწმება.
მკურნალობა
ინსომნიის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმებზე.
ხანმოკლე და ქრონიკული ინსომნიის შემთხვევაში, ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მას მკურნალობის სწორ ფორმას შეურჩევს.
პრეპარატების თვითნებურად ან ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიღება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს მიჩვევას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ეპიზოდური ინსომნიის დროს კი, რეკომენდებულია ძილის ჰიგიენის მოწესრიგება, მედიკამენტების გამოყენების პარალელურად ან მის გარეშე.
რას ითვალისწინებს ძილის ჰიგიენა
ძილის ჰიგიენის დაცვა ითვალისწინებს:
უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა და ა.შ), განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში;
განსზღვრეთ ძილის რეჟიმი - ადექით ყოველთვის ერთი და იგივე დროს, იმის მიუხედავად, თუ როდის დაწვებით დასაძინებლად.
ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე, ხოლო თუ შიმშილმა მაინც შეგაწუხათ - მიირთვით მხოლოდ ხილი ან რძის მსუბუქი პროდუქტები (მაწონი, კეფირი, ხაჭო და ა.შ);
უარი თქვით დღის ძილზე;
ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
ძილის წინ მიიღეთ რომელიმე დამამშვიდებელი მცენარეული ექსტრაქტით გაჯერებული თბილი აბაზანა.