თეგებით ძიება

არაგვის ხიდზე მოძრაობა 10 დღით ნაწილობრივ შეიზღუდება - რა ალტერნატიული მარშრუტით შეგიძლიათ მოძრაობა

არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ ისევ შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შეფერხების მიზეზია თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლზე სავალი ნაწილის დაზიანებული ერთ-ერთი ფილა.

„მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, გზაზე დაწესდება მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.

„ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ არაგვის ხიდის ფილა პირველად 2023 წლის დეკემბერში დაზიანდა და მას შემდეგ ხიდზე მსგავსი დაზიანებები ხშირად ვლინდება. ეს კი დედაქალაქში და პირიქით, გადაადგილებისას სერიოზულ საცობებს იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა