თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების 80%-მდე ქართველი მოქალაქეები არიან - Galt & Taggart
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების 80%-მდე ქართველი მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ზოგადად, თბილისის ბაზარზე მყიდველთა სტრუქტურას ძირითადად ქართველი მოქალაქეები შეადგენენ, განსხვავებით ბათუმის ბაზრისგან. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი გაზრდილია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველთა რაოდენობა შემცირებულია. პირიქით, უცხოელთა მხრიდანაც დაინტერესება არის ამ კუთხით, გამომდინარე ქირის ამონაგებიდანაც, რომელიც საკმაოდ მაღალია ჩვენს გარშემო რეგიონში. სხვა დედაქალაქებს რომ შევადაროთ, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, რაც კიდევ უფრო ზრდის საინვესტიციო მიმართულებით თბილისის მიმზიდველობას.
მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ ნაწილს მაინც წარმოადგენს ქართველი მყიდველი. დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80%-მდე არის მათი წილი და ძირითადად საჭიროებაზე დაფუძნებულ მოთხოვნასთან გვაქვს საქმე, რომელიც მომდინარეობს და უკავშირდება დემოგრაფიულ ფაქტორებს.
ერთი მხრივ, ეს არის ურბანიზაციის ზრდა და, მეორე მხრივ, საშუალო ოჯახის ზომის შემცირება, ოჯახების დაყოფა. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება ამ კუთხით და, საბოლოო ჯამში, ეს ორი ფაქტორი თბილისის პირველად ბაზარზე დაახლოებით ნახევარს მოთხოვნისას უზრუნველყოფს“, - აცხადებს საბა ჩახვაშვილი.