ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას
ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, ძირითადად 4 მთავარ პარამეტრს მიმოვიხილავთ და ყოველდღიურად აქტიურად ვადევნებთ თვალყურს. ესენია: მოთხოვნა, მიწოდება, ქირის ფასი და გასაყიდი ფასი, რომელთა მიმართულებითაც შევეცდები, შესავალში გარკვეული კონტექსტი შევქმნა.
2026 წელს მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. პირველად ბაზარზე Galt & Taggart-ის სისტემური დეველოპერების გამოკითხვის თანახმად, 30%-იანი ზრდა ვიხილეთ წლიური გაყიდული ბინების რაოდენობაში, ხოლო მეორად ბაზარზე, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ჩვენ ვუკავშირებთ მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებასაც. ეს გახლავთ ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რომელიც ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას.
ამ კუთხით დავამატებდი მიწოდების ნაწილს. მიწოდებაში დაახლოებით საწყისი პირველი ხუთი თვე შემცირება გვქონდა, რაც ჯანსაღი და დადებითი მაჩვენებელია, ხოლო ბოლო 2 თვე, ივნისი-ივლისის პერიოდში, მსხვილ პროექტებზე გაიცა ნებართვა, რამაც 2026 წლის 7 თვე დაახლოებით იმავე ნიშნულზე აიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფასების ტენდენცია. ფასების კუთხით მოთხოვნა-მიწოდება საბოლოოდ განსაზღვრავს, თუ როგორია ფასების ზრდის ტემპი. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა მდგრადი და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ფასების ზრდის ტემპი ზომიერად სწრაფი გახლდათ. დაახლოებით 6% შეადგინა წლიურმა საშუალომ, რაც ზომიერად სწრაფი გახლდათ და ამ კუთხით წლის ბოლომდე არ ველოდებით, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.
საბოლოოდ, მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ქირის ფასსაც რომ შევეხოთ, 10$-ის ფარგლებშია დასტაბილურებული. 2024 წლის შემდეგ მან ახალი სტაბილურობის წერტილი იპოვა, რაც 9$-დან 10$-ის ფარგლებში მერყეობს და თვიურად მცირედი მერყეობით შემოიფარგლება“, - აცხადებს საბა ჩახვაშვილი.