თბილისის რომელ უბნებში იყო მ² ძვირი და სად გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა?
2025 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ღირებულება გაიზარდა. Galt & Taggart-ის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, მ²-ის საშუალო ფასი $1 373-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2024 წელს $1 320 იყო.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს თბილისში $3.5 მილიარდის ღირებულების 42 388 ბინა გაიყიდა. 2024 წელთან შედარებით, ჯამურად ბაზრის ზომა 12.6%-ით გაიზარდა.
დედაქალაქში ბინებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა დიდ დიღომში, სამგორსა და გლდანში დაფიქსირდა, თუმცა უძრავი ქონება ყველაზე ძვირად მთაწმინდაზე, ვაკესა და ჩუღურეთში იყიდებოდა.
მ²-ის საშუალო ფასის მიხედვით თბილისის უბნების რეიტინგი ასეთია:
- მთაწმინდა - $3,294 / მ², გაიყიდა 653 ბინა;
- ვაკე - $2 781 / მ², გაიყიდა 1 327 ბინა;
- ჩუღურეთი - $1 973 / მ², გაიყიდა - 1 155 ბინა;
- საბურთალო - $1 613 / მ², გაიყიდა - 7 186 ბინა;
- კრწანისი - $1 575 / მ², გაიყიდა - 2 792 ბინა;
- ისანი - $1 358 / მ², გაიყიდა - 3 090 ბინა;
- დიდუბე - $1 352 / მ², გაიყიდა - 2 895 ბინა;
- ნაძალადევი - $1 189 / მ², გაიყიდა - 3 145 ბინა;
- დიდი დიღომი - $1 076 / მ², გაიყიდა - 9 440 ბინა;
- სამგორი - $1 065 / მ², გაიყიდა - 6 049 ბინა;
- ვაშლიჯვარი - $1 062 / მ², გაიყიდა - 539 ბინა;
- გლდანი - $1 038 / მ², გაიყიდა - 4 117 ბინა.
„2025 წლის 9 თვის განმავლობაში პირველად ბაზარზე ფასის ზრდის ტემპი დაბალი იყო (0.2% თვიურად), თუმცა მოთხოვნის აღდგენისა და გაცემული ნებართვების შემცირების ფონზე, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ზრდა თვიურ 0.7%-მდე დაჩქარდა. შესაბამისად, პირველად ბაზარზე საშუალო ფასი წლიურად 4.0%-ით გაიზარდა, რაც ზრდის ტემპის დასტაბილურების ნიშანია 2024 (+11.6% წ/წ) და 2023 (+20.2% წ/წ) წლებთან შედარებით. 2025 წლის დეკემბერში მეორად ბაზარზე (2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებული ახალი შენობების) საშუალო ფასი წლიურად 7.9%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ 2025 წელს, გაზრდილმა კონკურენციამ ფასის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია და დეველოპერებს შიდა განვადების სქემების მაქსიმალურად დახვეწისკენ უბიძგა.
საინვესტიციო ბანკი 2026 წელს ბინების ფასები ერთნიშნა ზრდას პროგნოზირებს.
„2026 წელს, ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნა 2025 წლის დონესთან ახლოს შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს ფუნდამენტური ფაქტორები - ურბანიზაცია, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ქირის მაღალი ამონაგები. ჩვენი მოლოდინით, უძრავი ქონების ფასებზე ერთნიშნა ზრდა გაგრძელდება და მეტწილად დამოკიდებული იქნება მიწოდების მხარეს ცვლილებებზე. დაგეგმილი მსხვილი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და გაცემული ნებართვების მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებამ შესაძლოა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები გაზარდოს და ფასის ზრდა გაართულოს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.