გასულ წელს თბილისში 42 388 ბინა გაიყიდა - როგორი იყო კვადრატულის ფასი
2025 წელს, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 42 388 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 4.3%-ითაა გაზრდილი.
ამასთანავე, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2025 წლის დეკემბერში უძრავი ქონების ფასები წლიურად 7.9%-ით გაიზარდა.
„2025 წელს ფასები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. 2025 წლის 9 თვის განმავლობაში პირველად ბაზარზე ფასის ზრდის ტემპი დაბალი იყო (0.2% თვიურად), თუმცა, მოთხოვნის აღდგენისა და გაცემული ნებართვების შემცირების ფონზე, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ზრდა დაჩქარდა თვიურ 0.7%-მდე. შესაბამისად, პირველად ბაზარზე საშუალო ფასი წლიურად 4.0%-ით გაიზარდა, რაც ზრდის ტემპის დასტაბილურების ნიშანია 2024 (+11.6% წ/წ) და 2023 (+20.2% წ/წ) წლებთან შედარებით. 2025 წლის დეკემბერში მეორად ბაზარზე (2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებული ახალი შენობების) საშუალო ფასი წლიურად 7.9%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ კვადრატული მეტრი ბინის ფასი საშუალოდ 1200-დან 1500 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
ამასთანავე, 9-10 აშშ დოლარის ფარგლებში შენარჩუნდა ქირის ფასი კვ.მ-ზე, რაც „გალთ ენდ თაგარტის“ თანახმად, 2024 წლის შემდეგ, სტაბილურობის ახალი დიაპაზონია. 2025 წლის დეკემბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.6%.