თეგებით ძიება

„მე ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია და გასაღების ასხმასივით მივიჩხრიალებ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში

„ჩემ წინააღმდეგ დიდწილად ორი წრე იბრძვის. ერთი -  ფსევდო-კონსერვატული, პატრიოტიზმის სახელით მოქადაგე, რუსეთუმე, უასაკო ჰომოსოვიეტიკუსები, რომელთა მიერ ყველა ფურცელზე დეკლარირებულ საქმეს ვაკეთებთ  ჩვენ - სამშობლოს, ენის, კულტურის, სოფლების, ემიგრაციის, წიგნის, ცოდნის გავრცელების სასარგებლოდ.  მეორე - სასარგებლო იდიოტების მცირე, აგრესიული ჯგუფები, რომელთა სახელად რატომღაც ლიბერალები დაერქვათ, თუმცა მანდ დიდწილად მემარცხენე და კლასიკური ლიბერალი უცნაურად აღრეულია. მათ მიერ დეკლარირებულ საქმეებსაც ვაკეთებთ ჩვენ - ვავრცელებთ სწორ, ჰუმანურ ღირებულებებს, მათ შორის იქ, სადაც მათ წინააღმდეგ კედელია აღმართული. ორივე ჯგუფი ყველაფრისმკადრებელი, სიღრმედაცლილი და უიმედოა. თუ მაინცდამაინც ამ ბრძოლის ბოლო თვეების კარდიოგრამას გადავხედავთ, სავსეს ცილისწამებათა გამაოგნებელი სიმდაბლეებით და ჩემი პასუხებით - დაინახავთ -  განწირულია ეგ ომი და უკვე მხოლოდ მე მაძლიერებს. მესმის, ძალიან სევდიანი სამზერელია ეს ჩემი არსებობით, დიდწილად, ფროიდული მიზეზებით ნერვებმოშლილი ადამიანებისთვის, მაგრამ რას ვიზამთ - მე ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია და გასაღების ასხმასივით მივიჩხრიალებ. ვიცი, დიდია შიში, პოლიტიკაში მონაწილეობა არ დავიწყო - ამ შიშს მიდასტურებს პერიოდული შეხვედრები სხვადასხვა შესაბამის ხალხთან და ფრთხილი, მოკეთური დანაბარებები. არადა, ღრმად უინტერესოა ეგ ჩემთვის ეგ სფერო და რომც იყოს, სად გინახავთ ობსესიური პოლიტიკოსი, რაც უნდა უნარები გააჩნდეს ამ საქმის კეთების. დიდწილად, სხვა ინტერესები მაქვს - პოეზია, პროზა, კინო, მუსიკა, მითოლოგია, ფოლკლორი, კიდევ - ფეხბურთი და ახლა, მოყვარულის დონეზე, ადამიანის ფსიქიკასაც ვაკვირდები. თუ საჯარო საქმეებზე მიდგა ლაპარაკი, ჩემი მისია  ცოდნის გავრცელება მგონია - ამ მხრივ, ჩემი მაგალითები მეცხრამეტე საუკუნის დიდი ქართველები არიან. მათი კვალის ალგორითმი. თუმცა სადაც ყოფნას ვაპირებ, იქ ყოველთვის ვიქნები მე - არავის მონა, ჩემი ფიქრების და განცდების მიმდევარი, შეცდომებით, მარცხებით და გამარჯვებებით - ამიტომაც ტალახი იქნება ისევ, იქნება უფრო ბინძური და უკიდურესი და იქნება იმ მხრიდანაც, შეიძლება ყველაზე უფრო რომ გეუცნაუროთ. მაგრამ იქნება ისეთივე ამაო, როგორც აქამდე - ჩვენ საკუთარ გზას მივუყვებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვძლიერდებით და ახალ სიმაღლეებზე.

მიგულეთ ქვეყნის სადარაჯოზე

თქვენი გიორგი კეკელიძე“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა