თეგებით ძიება

საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას - ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა

მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.  პრემიერმინისტრი ჩინეთში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

"ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.

მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ქ. ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.

ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - თქვა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა