არ ვმონაწილეობთ, სახელი უნებართვოდ გამოიყენეს - „გუმბათი“ ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვაზე
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია გუმბათი აცხადებს, რომ კომპანია ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს და რუსულმა უძრავი ქონების კომპანია PEOPLE-REAL ESTATE-მა მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ გამოიყენა.
გუმბათი ჯგუფის თქმით, მათ ნამდვილად მიიღეს შეთავაზება PEOPLE-REAL ESTATE-ისგან, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განაცხადეს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.
ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.
კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული." - წერს გუმბათი ჯგუფი.
29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება.