რის გამო მიაგეს პატივი სერგი მეტრეველს ებრაელებმა და ვის გადასარჩენად გარისკა მან საკუთარი სიცოცხლე
მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას რთულია, გვერდი აუარო იმ დიდ კატასტროფას და საშინელებას, რომელსაც ებრაელთა მასობრივი განადგურება ჰქვია. ამ უმძიმეს მოვლენას თავად ებრაელები „შოას“ ეძახიან, რაც ივრითზე კატასტროფას ნიშნავს. ჩვენთვის კი უფრო მეტად ცნობილია, როგორც „ჰოლოკოსტი“. აღნიშნული ტერმინი ძველი ბერძნულიდან მოდის და „დაწვას“, „ცეცხლით განადგურებას“ ნიშნავს.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ებრაელმა ხალხმა გადაწყვიტა, პატივი მიეგო ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ცდილობდა, როგორმე გადაერჩინა თუნდაც ერთი ებრაელის სიცოცხლე. ამ მიზნით 1953 წელს ისრაელში, კერძოდ იერუსალიმში, შეიქმნა მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“.
„იად ვაშემი“ გახლავთ 18 ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი კომპლექსი, სადაც თავმოყრილია ყველა ცნობა თუ დოკუმენტი, რომელიც ნაციზმის მსხვერპლი ებრაელი ხალხის დიდ ტრაგედიას ინახავს. ეს არის მათი ისტორია და დიდი ტკივილი. იქვე არის იმ „შინდლერების“ ჩამონათვალი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, გაჭირვებულ ებრაელებს ეხმარებოდა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ნაბიჯისთვის შეიძლებოდა, თავადაც გამოესალმებინათ სიცოცხლისთვის, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები არსებობდნენ.
შემონახულია ფაქტები იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომში არაერთი ქართველი „შინდლერი“ მონაწილეობდა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ერთი თუ მრავალი ებრაელის სიცოცხლე იხსნეს. მათ შორის არიან: წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც გაზის კამერაში მრავალშვილიან ებრაელ მამას ჩაენაცვლა; ქართველი ემიგრანტი მიხეილ კედია, რომელმაც რამდენიმე ათეული ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს... კიდევ არიან სხვები, მაგრამ „იად ვაშემის“ ოფიციალურ სიაში 2004 წლიდან მხოლოდ ერთი ქართველი ფიგურირებს და ეს გახლავთ სერგი მეტრეველი.
სერგი, იგივე სერგო, ვასილის ძე მეტრეველი 1906 წელს დაიბადა საქართველოში, ონის რაიონის სოფელ უწერაში. ის ღვინოს აწარმოებდა და თავის კომპანიონთან, ივანე გუგეშაშვილთან ერთად ჩრდილო კავკასიაში, ქალაქ კისლოვოდსკში საქმიანობდა.
1942 წლის აგვისტოში გერმანელები ქალაქის სიახლოვეს გამოჩნდნენ. ყველამ იცოდა, რა ბედი ელოდა ნაცისტების ხელში მოხვედრილ ებრაელებს. სერგი მეტრეველი და ვანო გუგეშაშვილი ებრაელებსა და კომუნისტებს დაეხმარნენ, ქალაქი დაეტოვებინათ.
ებრაელებს შორის იყო ვინმე არკადი რაბინოვიჩი, რომელმაც თავისი შვილი, პეტრე და მისი მეგობარი, 16 წლის ემილ ზიგელი მიუყვანა მათ და სთხოვა, დაემალათ.
თავად ოთხი შვილის პატრონმა, სერგო მეტრეველმა ემილისთან ერთად ქალაქიდან ექვსი ებრაელი გაიყვანა. ისინი ტყე-ტყე მიდიოდნენ, მამისონის უღელტეხილის გავლით. 16 დღე და ღამე დათოვლილ კლდეებსა და გაუვალ ტყეებში იარეს და როგორც იქნა, დიდი გაჭირვების შემდეგ, სოფელ უწერას მიაღწიეს.
გარდა რთული გარემო ფაქტორებისა, შიშისა და განსაკუთრებული სიფრთხილისა, ამ მოგზაურობას თან სხვა სირთულეც დაერთო. გზაში ემილი ტროპიკული მალარიით დაავადდა და სახელდახელოდ შეკრული საკაცით ბიჭი 586 კილომეტრი რიგრიგობით ატარეს. როგორც იქნა, მიაღწიეს სოფელ უწერას, სადაც სერგო მეტრეველის მშობლები და ნათესავები ცხოვრობდნენ. ავადმყოფი ზიგელი იქ დატოვეს, თავად კი თბილისში ჩამოაღწიეს. სერგოს მშობლებმა ემილის მზრუნველობა არ მოაკლეს, ორ კვირაში გამოაჯანმრთელეს, ფეხზე დააყენეს და მალე ისიც გაისტუმრეს.
გამოჯანმრთელებული ზიგელი სოხუმში გადავიდა, იქიდან კი ურალში გადაინაცვლა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ბიჭი მოხალისედ ფრონტზე გაემგზავრა. ომი ბერლინში დაასრულა და გამარჯვებიდან პირველივე წელს – 1946-ში კისლოვოდსკში ჩავიდა, სადაც ნაცისტების მიერ დახვრეტილი მშობლების საფლავი და თავისი გადამრჩენელი ძია სერგო ეგულებოდა.
ემილის უცნაური ბედისწერით დაკავშირებული ეს ურთიერთობა სერგო მეტრეველის გარდაცვალების შემდეგ ბატონი სერგოს ვაჟთან, კარდიოლოგ აბელ მეტრეველთან მეგობრობაში გადაიზარდა.
წლები გავიდა, ემილ ზიგელი პოლკოვნიკის რანგში სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამეცნიერო საქმიანობისთვის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. სწორედ იქ გაიგო, რომ არსებობდა მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“, სადაც პატივს მიაგებდნენ ებრაელთა გადამრჩენელ გმირებს. უკვე აკადემიკოსმა ზიგელმა წერილით მიმართა მუზეუმს, მან გააცნო თავისი გადარჩენის საოცარი ისტორია და მიაწოდა ფაქტის დამადასტურებელი, მის ხელთ არსებული, ყველანაირი დოკუმენტი. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი და 2004 წლის 30 მაისს სერგო მეტრეველს, ერთადერთს ქართველთა შორის, მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ წოდება. დადგენილი წესის თანახმად, მის სახელზე დაირგო ხე და მისი სახელი ამოიკვეთა დაფაზე.
სერგოს შვილს, აბელ მეტრეველს მამის კუთვნილი „მსოფლიო ხალხთა მართალი შვილების“ მედალი და სიგელი 2005 წლის მაისში გადაეცა.
2014 წელს კი საქართველოში გამოიცა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, ბუკლეტი „ქართველი შინდლერები“, რომელიც მოგვითხრობს გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიას, სერგო მეტრეველისა და საბა კლდიაშვილის შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის 13 მაისს თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ პარკში გაიხსნა „ქართველი შინდლერების“ მემორიალი.
წყარო: თბილისელები