თეგებით ძიება

USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამამ 3-დღიან მედიატურს უმასპინძლა

USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამამ 3-დღიან მედიატურს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროგრამის მონაწილე ქალებს ესტუმრნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ბენეფიციარებისგან, ასევე პროექტის წარმომადგენლებისგან.

გაგაცნობთ რამდენიმე ბენეფიციარს:

ბენეფიციარი ვერიკო ბაზალი 

ვერიკოს ქალაქ თბილისში ველოსიპედების შეკვეთების სერვისი აქვს, სახელწოდებით „ჰიპო ველო“. "ჰიპო ველო" ველომოყვარულთა დიდი კომუნაა, რომელიც ამ მიმართულების პოპულარიზაციასა და საქართველოში ველოკულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. 2023 წლის დასაწყისში, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სასწავლო კურსის გავლის და წარმატებული "ფიჩინგის" შემდეგ, ვერიკოს საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად, პროგრამისაგან 15,000 ლარი გადაეცა, რაც ბიზნესის გაფართოებასა და მასშტაბირებას მოხმარდა - უკვე მეორე ფილიალი გახსნეს დიდ დიღომში, მეტი სივრცითა და მეტი შესაძლებლობებით, რომელიც საშუალებას აძლევთ, მეტი პროდუქცია შესთავაზონ მომხმარებელს.

ბენეფიციარი, სოფო ტალახაძე 

სოფოს ბიზნესი -  SofYoga  ქალაქ გორში მდებარეობს და მსურველებს იოგას შემსწავლელ გაკვეთილებს სთავაზობს. სტუდიური შეხვედრების გარდა, SofYoga -ს დისტანციური, ონლაინ სერვისიც აქვს, რომელიც მომხმარებლების პერსონალურ საჭიროებებზეა მორგებული. სტუდია ვიდეო სერიებს ამატებს, რათა მაქსიმალურად გაუმარტივოს მოსწავლეებს ვარჯიშის პროცესი. 

ბენეფიციარი, სოფო ბარდაველიძე 

ახალბედა ქალი მეწარმეა, რომელიც ქალაქ თერჯოლაში ლაზერული ეპილაციის კაბინეტ „Skinova“-ს ფლობს. როგორც სოფო აღნიშნავს, საკუთარ მცირე ბიზნესზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ყოველთვის განსაკუთრებით იზიდავდა სილამაზისა და მოდის სფერო. დიდი ხნის ოცნების რეალობად ქცევა მან 2022 წელს გადაწყვიტა, როდესაც პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ შეიტყო. იმავე წელს, სოფიო პროექტის გამარჯვებული გახდა და მოპოვებული დაფინანსებით, თერჯოლაში, უკვე არსებულ მცირე სილამაზის სალონთან თანამშრომლობით (აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სალონს, 15 წლიანი გამოცდილების მქონე, ადგილობრივი, 3 ქალი მეწარმე სრულიად დამოუკიდებლად უძღვება) მაღალი სტანდარტების მქონე ლაზერული ეპილაციის კაბინეტი გახსნა. დღესდღეობით, კაბინეტში ლაზეროთერაპევტად დასაქმებული ჰყავს 2 ადგილობრივი ახალგაზდა ქალი, ადმინისტარციულ, ლოჯისტიკურ და მარკეტინგულ საქმიანობაში კი თავად სოფიო არის სრულად ჩართული. როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და არ აპირებს გაჩერებას. სამომავლოდ სურს ბიზნესის გაფართოება.

ბენეფიციარები, თეკლა ტყავაძე და შორენა ჩიჯავაძე

შორენა ჩიჯავაძისთვის ტანსაცმლის მოდელირება და კერვა ყოველთვის განსაკუთრებული ჰობი გახლდათ, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მას საქმიანობად აქცევდა. შორენასთვის საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა, სადაც შვილთან ერთად დაესწრო მეწარმეობის ტრენინგებს და პროგრამის ბენეფიციარი გახდა. შორენა აღნიშნავს, რომ „როდესაც ერთ ნაბიჯს დგამ, გრძნობ, თითქოს რაღაც გაკლია და დამატებით ახალ გზებს ეძებ. ჩემთვის, სწორედ ასეთი შემავსებელი გზა აღმოჩნდა USAID-ის პროგრამა“. შორენასა და თეკლას მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ დონეზე შეესწავლათ ბიზნესის მართვის მეთოდები და შეეტანათ დროული წვლილი საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.

ბენეფიციარი, თამარ მესხია

იგი პროფესიით იურისტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ლექტორია, რომელიც მეუღლესთან ერთად, ქ. ქუთაისში, საქართველოში ყველაზე დიდი (400+ თამაში) კოლექციის მქონე,  ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების და ახალგაზრდულ კლუბს „Summer Set Kutaisi” ხელმძღვანელობს. სათამაშოების ძიება-შეძენით დაიწყო. შედეგად, მეუღლესთან ერთად გაუჩნდა იდეა, რომ დაეწერათ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა, პირველ რიგში ბორდგეიმების კლუბის შექმნას და თანამედროვე ბორდგეიმების პოპულარიზაციას, როგორც ჯანსაღი გართობის საშუალებას და ამასთან, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების გამოყენებას, როგორც მოზარდების არაფორმალური განათლების, სოციალური უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთ ტექნიკას. 2020 წელს, პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და მეგობრების ჩართულობით, კლუბის შენებას შეუდგნენ. დღეისათვის, კლუბის ანგარიშზეა ახალგაზრდებისთვის (და არა მხოლოდ) არაფორმალური განათლების, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, იმერეთის სხვადასხვა გამოწვევებისა და შესაძლებლობების თემების ირგვლივ ჩატარებული 15-მდე თემატური ტრენინგი და ვორქშოფი, სადაც ჩართული იყო 200-მდე მოზარდი და ტრენერებად მოწვეული საჯარო თუ კერძო სექტორის მოხელეები, 3 ბორდგეიმების თემატური ბანაკი, სეზონური ჩემპიონატები და ივენთები. კლუბის წევრების მიერ, ქართულად ითარგმნა და ლოკალიზდა 10-მდე ბორდგეიმი. ასევე სრულად კლუბის მიერ შეიქმნა  8 ქართული სამაგიდო თამაში. ეს თამაშები ანვითარებს ბავშვებს შორის  კომუნიკაციას და ამაღლებს განათლებას და საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს.

ბენეფიციარი, ეკატერინე ხუტკუბია 

სპეციალობით წარმოების მენეჯერი ეკატერინე ხუტკუბია აფხაზეთიდან იძულებით დევნილი პირია, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ცხოვრობს, სადაც 2018 წლიდან ხილის ჩირს აწარმოებს. ეკატერინეს ბრენდი − "სქირი" მომხმარებელს ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალური ხილის ჩირის ფართო ასორტიმენტს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. როგორც "სქირის" დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქცია სრულიად ორგანულია, არ შეიცავს დანამატებს და შენარჩუნებული აქვს ხილში არსებული ვიტამინების 97%, ხოლო ამ ნუგბარის მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს (წლის ასაკიდან), ისე ორსულებს, მეძუძურ დედებსა და ასაკოვან ადამიანებს. ეკატერინე ხუტკუბიას თქმით, მისი საოჯახო ბიზნესი USAID YES-Georgia-ს დახმარებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ცნობადი გახდა, ხოლო უახლოეს მომავალში პროგრამის დახმარებით, ახალი საწარმოს მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც სრულად აღიჭურვება თანამედროვე, მასშტაბის ზრდისათვის აუცილებელი დანადგარებით. დღესდღეობით, "სქირი" მომხმარებელს განუმეორებელი გემოვნური თვისებებითა და პროდუქციის სიჯანსაღით ხიბლავს, თუმცა სულ მალე ბრენდი ბაზარს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს სრულიად საქართველოს მასშტაბით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა