თეგებით ძიება

ჭიანჭველების მიერ დამზადებულ თაფლს ბაქტერიებისა და სოკოებისგან დაცვა შეუძლია

„ავსტრალიური ჭიანჭველების მიერ დამზადებული თაფლით ზოგიერთი სახის ბაქტერიებისა და სოკოებისგან დაცვაა შესაძლებელი,” - ნათქვამია ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

სტატიის თანახმად, ადგილობრივმა ჯგუფებმა ამ ჭიანჭველების თაფლი საკვებად და ასევე გაციებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენეს. 

”დასავლური მედიცინა პაექრობს იმ მიღწევებით, რაც ტრადიციულმა საზოგადოებამ ათასობით წლის განმავლობაში შეიმეცნა. ძირძველი ცოდნა მართლაც გამოუყენებელი რესურსია,” - თქვა კვლევის თანაავტორმა დენი ულრიხმა.

ავსტრალიური თაფლის ჭიანჭველები ნექტარს სხვადასხვა ყვავილოვანი წყაროებიდან აგროვებენ, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ წებოვან, ტკბილ ნივთიერებას, რომელსაც ჭიანჭველები აკაციის ხეებისა და ბუგრებისგან იღებენ. მუშა ჭიანჭველები აგროვებენ ხეების ტკბილ წვენს, შემდეგ აჭმევენ მას სხვა მუშა ჭიანჭველებს, რომელთა მუცელი შეშუპებულია და ამ ტკბილი ნივთიერებით შევსებისას ის ნახევრად გამჭვირვალე ხდება. ჭიანჭველები ისე ივსებიან თაფლით, რომ ძლივს მოძრაობენ და თავიანთი ბუდეების სახურავებს ეკიდებიან. თუ კოლონიაში საკვების მარაგი იკლებს, ჭიანჭველები მუცელში არსებულს აღებინებენ, რათა სხვა ჭიანჭველები გამოკვებონ. 

ადგილობრივი მკვიდრი გიდების დახმარებით, დასავლეთ ავსტრალიის გაუდაბნოებულ ქალაქში მკვლევარებმა თაფლის ჭიანჭველები და მათი თაფლი  შეაგროვეს. ლაბორატორიული ექსპერიმენტებით გამოვლინდა, რომ თაფლი ბაქტერია Staphylococcus aureus-სგან დამცავ ფუნქციას ასრულებდა. ეს ბაქტერია ადამიანებში დაავადებებს იწვევს. თაფლი ასევე ორი სახის სოკოს, სახელწოდებით Cryptococcus-სა და Aspergillus-ს ებრძვის.  

როგორც მიკრობიოლოგმა შონა ბლერმა  განაცხადა, მას არ გაუკვირდა აღმოჩენები: „თითქმის ყველა კულტურის წარმომადგენელს (როგორებიცაა ძველი ეგვიპტელები), რომელსაც  თაფლზე ხელი მიუწვდებოდა, მას სამკურნალოდ იყენებდა.“

„საოცარია, რომ თაფლის მოქმედება ასე სპეციფიკური იყო ზოგიერთი პათოგენისა და არა სხვების მიმართ. თაფლი მართლაც აქტიური იყო ზოგიერთი სოკოს წინააღმდეგ, რომელთა განადგურებაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ძნელია. ბაქტერია Staphylococcus aureus-სთან ასევე რთულია ბრძოლა - ის ცნობილია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობით“, განუცხადა Guardian-ს  კვლევის თანაავტორმა დონა ლუს კენია ფერნანდესმა.

მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ  შესაძლებელია ჭიანჭველების მიერ დამზადებული თაფლის შემდგომი შესწავლა, რათა დაადგინონ, რომელია პათოგენებისგან დამცავი ნაერთები.

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/honey-made-by-ants-could-protect-against-bacteria-and-fungi-180982611/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა