თეგებით ძიება

ცხოვრება ფულის გარეშე - გერმანელმა მასწავლებლის 20 წლიანი ექსპერიმენტი, რომელიც გაგაოცებთ

მაღაზიის ვიტრინაში სასურველი ნივთი შენიშნეთ, მაგრამ შესაძენად ფული არ გყოფნით - ნაცნობი  სიტუაციაა? ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ფული საერთოდ არ გაქვთ და უახლოესი 20 წელი არც გექნებათ, მაგრამ ბედნიერი ხართ, რადგან ფულის გარეშეც შესანიშნავად ცხოვრობთ. სწორედ ასეთი ცხოვრება აირჩია გერმანელმა მასწავლებელმა და ფსიქოთერაპევტმა ჰაიდემარ შვერმერმა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა.

ჰაიდემარმა ქონებაზე უარი თქვა, დაზღვევა გააუქმა, ფული და ნივთები დაარიგა და ხანგრძლივ მოგზაურობაში ერთი ჩემოდნით გაემგზავრა, სადაც ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩააწყო.  

ჰაიდემარ შვერმერმა უცნაური სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება 53 წლის ასაკში გადაწყვიტა. ქალი 47 წლის იყო, როდესაც ქმარს გასცილდა და საცხოვრებლად დორტმუნდში გადავიდა. 

ჰაიდემარ შვემერმა 1994 წელს შექმნა გაცვლის ქსელი სახელწოდებით Come and Take (მოდი და წაიღე). ქსელი არ აღიარებდა სასაქონლო-ფულად ურთიერთობას და ყველაფერს ბარტერული ურთიერთობით არეგულირებდა. ქსელში ადამიანებს მხოლოდ მომსახურეობის და ნივთების გაცვლა შეეძლოთ.

თავდაპირველად, Come and Take მხოლოდ ღარიბებსა და უსახლკაროებს ეხმარებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ქსელს პენსიონერები, მარტოხელა ადამიანები და მოხალისეებიც შეუერთდნენ. თითქოს ქსელის მუშაობით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ღარიბი და უსახლკარო ადამიანები, ვისთვისაც ქსელი შეიქმნა, ჰაიდემართან საუბრის დროს ჯიუტად იმეორებდნენ - „თქვენ განათლებული და წარმატებული ქალბატონი ხართ და ვერასოდეს გაგვიგებთ" ...

არავინ იცის, ღარიბების მოკრძალებლმა საყვედურმა იმოქმედა თუ სხვა ფაქტორმა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს „განათლებულმა და წარმატებულმა“ ქალმა გადაწყვიტა ღარიბი ადამიანის ცხოვრება გამოეცადა. ჰაიდემარმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ღარიბებს დაურიგა და რესტორანში  ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის მისი ზრდასრული შვილები ცალკე ცხოვრობდნენ და დედის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ. 

„როგორც კი ჩემი ბინა დაცარიელდა, სიხარულით ცას ვეწიე“ - იხსენებს ჰაიდემარი. საბანკო ანგარიშების დახურვის შემდეგ ჰეიდემარმა სახლი ზურგჩანთასა და 200 ევროიან სარეზერვო ფონდთან ერთად დატოვა და თავისი ექსპერიმენტის განხორციელებას შეუდგა. ქალმა გადაწყვიტა თავისი სამუშაო საათები (ფსიქოთერაპიის სესიები) საკვებზე და ღამის გასათევ ადგილზე გაეცვალა. როცა მის პროფესიულ უნარებზე ნაკლები მოთხოვნა იყო, ჰაიდემარი  რესტორნებში ჭურჭელს რეცხავდა, გაზონებს კრეჭდა, ბავშვებს უვლიდა და ალაგებდა, რომ კვების პროდუქტები და ბინის ქირისთვის საჭირო ფული მიეღო.

თავდაპირველად, ჰაიდემარი ბარტერის რეჟიმში ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ ასე ცხოვრება მოსწონდა, რომ ეს მთელი მისი ფილოსოფია იყო, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა და ბარტერით ცხოვრება ერთის ნაცვლად, 20 წელი გაგრძელდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჰაიდემარი ერთხელაც არ შეხებია სარეზერვო ფონდს.

ლექციები, მოგზაურობა, წიგნი და ფილმი

თავისი ექსპერიმენტის წყალობით ჰაიდემარ შვერმერი ცნობილი ადამიანი გახდა. მას გამუდმებით ტელევიზიებში იწვევდნენ და ინტერვიუებს თხოვდნენ. ქალი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მატერიალურ სიკეთეებზე უარის თქმის გამოცდილების შესახებ ლექციებს კითხულობდა. ამ ლექციების სანაცვლოდ შვერმერი ტრადიციულად, თავშესაფარს, საკვებს და ზოგჯერ, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო თვითმფრინავის ბილეთებს იღებდა.

2003 წელს ჰაიდემარმა გამოაქვეყნა წიგნი „ჩემი ცხოვრება ფულის გარეშე“, რომელიც რამდენიმე ენაზე თარგმნეს. 2006 წელს ჰაიდემარის ცხოვრებაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ცხოვრება ფულის გარეშე“, რომელიც  მსოფლიოს 30 ქვეყანაში აჩვენეს და როგორც ადრე, ქალმა ფილმიდან მიღებული მთელი ჰონორარი ქველმოქმედებაზე დახარჯა.

ჰაიდემარი შვერმერის ფილოსოფია

ჰაიდემარი შვერმერი 2016 წლის მარტში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხოვრება ისეთი საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა, რომ უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა - ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ბედნიერება ფულში არაა... 

„სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს შეუძლია სიცოცხლისთვის საჭირო აუცილებელი ნივთები და პროდუქტები ფულის გარეშე მიიღოს. საკმარისია სურვილი და საჭირო ნივთები შეიძლება სხვადასხვა გზით მიიღოთ“ - ამბობდა ჰაიდემარი.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა