რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში? - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებულ „კაცურ ფობიებზე“
ბევრს ჰგონია, რომ კომპლექსები და შიშები სექსში, მხოლოდ ქალებს ახასითებთ, არადა ეს ასე არ არის - მამაკაცებსაც აქვთ სექსთან დაკავშირებული „ფობიები“, რომლებიც ზოგჯერ წარსულში გადატანილ „მარცხს“ უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში? - ამის შესახებ ექიმი-სექსოლოგი, არკადი მოროზოვი გვესაუბრა:
წარუმატებლობის შიში - მამაკაცურ შიშებს შორის პირველ ადგილზეა და დაახლოებით 60-70% უჭირავს. ამ დროს, მამაკაცი დარწმუნებული არ არის თავის სექსუალურ შესაძლებლობაში - აქვს შიში, რომ არ ექნება შესაბამისი ერექცია, ვერ შეძლებს სექსუალური ურთიერთობის დამყარებას და პარტნიორის დასაცინი გახდება. ზოგჯერ ამ შიშს მართლა შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, მაგრამ უფრო ხშირად იგი წარსულში ერთჯერადად განცდილ წარუმატებლობას უკავშირდება და თუ მომავალში მამაკაცი ამ შიშის დაძლევას ვერ მოახერხებს, შეიძლება პრობლემამ მრავალჯერადი ხასიათი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ყველა მამაკაცმა უნდა გაითავისოს, რომ იგი არ არის რობოტი და ყოველთვის ერთნაირად წარმატებული სექსი ვერ ექნება, ამიტომ კომპლექსები და შიშები გვერდზე უნდა გადადოს და მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქროს.
შედარების შიში იგივე „მე თუ ჩემი წინამორბედი?“ - ძალიან ბევრი მამაკაცი ფიქრობს და ნერვიულობს იმაზე, რამდენად მოეწონება პარტნიორს მასთან ურთიერთობა. ეს შიში კიდევ უფრო იმატებს იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება გამოცდილ ქალბატონს, ანუ ქალს თუ მანამდე ჰყავდა ერთი ან რამდენიმე პარტნიორი და ეწეოდა აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. ამ შემთხვევაში კაცი შიშობს, რომ ქალი მას ყოველთვის ყოფილ პარტნიორს შეადარებს და ვაითუ „წინამორბედს“ ვერ აჯობოს. ეს შიში ნაკლებად მოქმედებს ერექციაზე, თუმცა არ არის გამორიცხული კაცს ზედმეტი ფიქრისა და დაძაბულობისგან იმ მომენტში ერექციის პრობლემაც შეექმნას. ქალიშვილობის ტრადიციის არსებობაც, გარკვეულწილად, შესაძლოა აქედან მომდინარეობდეს - ზოგჯერ მამაკაცს მხოლოდ იმიტომ ურჩევნია ქალიშვილთან ურთიერთობა, რომ ის მას თავის ყოფილ პარტნიორს ვერასოდეს შეადარებს.
ასოს ზომასთან დაკავშირებული შიში - ასოს ზომასთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, თუმცა არსებობს პირდაპირი მითითება იმის შესახებ, თუ როდის უნდა იყოს ეს საკითხი შეშფოთების საგანი - სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ მამაკაცის ასო ერეგირებულ მდგომარეობაში 10 სმ-ზე მეტია, წუხილის მიზეზი არ არსებობს, ხოლო თუ ზომა არის 10 სმ. და ნაკლები ეს უკვე პრობლემაა და სასურველია მამაკაცმა ექიმ-სექსოლოგს მიაკითხოს. თუმცა, ასოს ზომასთან დაკავშირებული შიში უმეტესწილად უსაფუძვლოა და მამაკაცებს სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ასოს ზომა განაპირობებს - სინამდვილეში, წარმატებული სქესობრივი აქტის ჩატარება დამოკიდებულია არა მხოლოდ ასოს სიდიდეზე, არამედ ერექციის ხარისხზე, მამაკაცის გამოცდილებაზე და ა.შ.
ვენერიული დაავადებების შიში - ძალიან ბევრ კაცს აქვს შიში, პარტნიორი ქალისგან რომელიმე ვენერიული დაავადება არ „აიკიდოს“. ეს შიში, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებული არ გახლავთ და ვენერიული დაავადებებით ინფიცირების რიცხვმა, სამწუხაროდ, მართლაც იმატა. მიუხედავად ამისა, მამაკაცების დიდი ნაწილი მაინც უარს ამბობს პრეზერვატივის გამოყენებაზე და ხშირად დაუცველი სექსით დაკავება ურჩევნიათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვენერიული დაავადების შიში მართლაც საფუძვლიანია. თუმცა, თუ მამაკაცს აქვს უსაფრთხო და დაცული სექსი, ან ჰყავს მუდმივი და საიმედო პარტნიორი - შეშფოთების მიზეზი არ არსებობს და სექსი ასეთ დროს, მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალება უნდა იყოს.
სქესობრივი აქტის რაოდენობა ანუ „ღამეში რამდენჯერ?“ - ხშირად მამაკაცებს არასწორი შეხედულება აქვთ სქესობრივი აქტის რაოდენობაზე და მიაჩნიათ რომ მისი ჩატარება ღამეში 4-5-ჯერ ან უფრო მეტჯერაც უნდა შეეძლოთ. არადა, აქტების რაოდენობა სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი არ არის და როგორც კაცისთვის, ისე ქალისთვისაც 1 ან 2 ურთიერთობა სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა, არსებობენ გადამეტებული სქესობრივი მოთხოვნილებისა და აქტივობის ადამიანები, რომლებსაც ღამეში 4-5 ჯერ და მეტჯერაც შეუძლიათ, თუმცა, ეს უკვე ჰიპერსექსუალობაა და ცალკე განხილვის საგანია.
„არ შემეტენოს“ - მსგავსი შიში მამაკაცებში საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ეს შიში ვითარდება მაშინ, როცა კაცს არ სურს პარტნიორი ქალი მისი მეორე ნახევარი გახდეს და მიზნად აქვს მხოლოდ მასთან სექსით ისიამოვნოს. ამ დროს, როგორც წესი, მამაკაცი აგრძელებს ქალთან ურთიერთობას, თუმცა გამუდმებით იმაზე ფიქრობს, შემთხვევით მანიპულირების ობიექტი არ გახდეს, უფრო გასაგებად - ეს ქალი „არ შეეტენოს“. ამ შიშს შეიძლება მიჩვევის ან დაოჯახების შიშიც დავარქვათ.
სექსისთვის საჭირო პირობები და გარემო ანუ „რომ შემოგვისწრონ“ - ეს შიში ძირითადად ვითარდება მაშინ, როცა წყვილი მარტო არ ცხოვრობს, ან დაოჯახებულები არიან და იმ მომენტში მეუღლეებს ღალატობენ, ან არაკომფორტულ პირობებში უწევთ სექსით დაკავება და ა.შ. თუ მამაკაცს ეშინია, რომ სექსის დროს ვინმე შემოუსწრებს, ან მეზობელ ოთახში მყოფები ოჯახის წევრები მათ ხმებს გაიგონებენ და ა.შ. შეიძლება ნორმალური ერექციაც კი არ ჰქონდეს და საერთოდ ვერ შეძლოს ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ამიტომ, აუცილებელია წყვილმა წინასწარ იზრუნოს კომფორტული და უსაფრთხო გარემო-პირობების შექმნაზე. რა თქმა უნდა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო სექსით მაინცდამაინც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაკავდეთ, იდეალური პირობებისთვის განმარტოებაც საკმარისია ხოლმე.
მორიდებულობა ანუ ურთიერთობის დაწყების შიში - რატომღაც ჰგონიათ, რომ ქალის „შებმა“ ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ასე არ არის - არსებობენ მორიდებული მამაკაცები, რომლებსაც ქალთან ურთიერთობის დაწყება არ შეუძლიათ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი მამაკაცი ძალიან ბევრია. როგორც წესი, მათი უმრავლესობა მეძავებთან ცდილობს ურთიერთობას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მორიდებულობის გამო მეძავებთანაც კი ვერ „მიდიან“.
ზემოთ ჩამოთვლილი შიშებიდან ზოგი მათგანი ერექციის ხარისხზე არანაირ გალენას არ ახდენს, ზოგიერთი კი შესაძლოა უშუალოდ პოტენციაზე აისახოს. ყველა შემთხვევაში, შიშის დასაძლევად სექსოლოგის დახმარება სასურველია. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსუბუქი ფსიქოთერაპია და სწორი მიმართულების მიცემაც საკმარისია.