ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში. დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია - რას ამბობს სეისმოლოგი?
სეისმოლოგ, ზურაბ ჯავახიშვილის თქმით რაჭაში მეწყრული პროცესის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა, თუ პროცესში იქნებოდნენ ჩართულები როგორც ხელისუფლება, ასევე ის ბიზნესმენები, ვისაც საკურორტო ზონაზე კოტეჯები და სასტუმრო ჰქონდათ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა სცოდნოდათ დამსვენებლებს თუ რამდენად საშიში იყო ეს ზონა დასვენებისთვის. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
- ბატონო ზურაბ, ამ გადმოსახედიდან იყო თუ არა შესაძლებელი ადგილზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება?
- გარკვეულწილად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის მეწყერული და ღვარცოფის საშიშროების მქონე უბანი და ალბათ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ როგორც მშენებლობას, ასევე საკურორტო ზონების მოწყობას. დამსვენებლებმაც ინდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია. შეიძლება ეს მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ელოდნენ, მაგრამ უახლოეს წლებში ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა ნამდვილად არ მომხდარა.
- ამბობენ, რომ ეს კოტეჯები 50 წელია რაც აშენებულია.
- კი ბატონო, მაგრამ თბილისში, 2015 წელს ვერეს ტრაგედია რომ გავიხსენოთ, იქაც 50 წლის წინ იყო მოხდა ანალოგიური შემთხვევა. ამას გულისხმობს კვლევა და პრევენცია, უნდა გამოიკვლიო, მდინარეებს ადიდების მასშტაბები და პერიოდები. მე დიდი ხანია იქით არ ვყოფილვარ, მაგრამ სატელიტურ გამოსახულებაზე რომ დავხედე, ძალიან ახლოს არის მდინარესთან ეს კოტეჯები, სადღაც 10-15 მეტრში დგას, ეს ადგილები მდინარის კალაპოტი თუ არა, მიმდებარე ტერიტორია მაინც არის.
- ბატონო ზურაბ, საქართველოში კიდევ რომელია მეწყერსაშიში ზონები?
- მთიან ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ლამაზი მთები, რელიეფი, მდინარე, ასეთი ამბები მოსალოდნელია, მაგრამ გეოლოგების მოვალეობა ისაა, რომ შეაფასოს რამდენად საშიშია ესა თუ ის ტერიტორია.
ზოგადად მთიანი რეგიონები ყველგან საშიშია და თუ მეწყერსაშიშროებაზეა საუბარი, რაჭას და დასავლეთ საქართველოს გამოვყოფ, რადგან იქ ტენიანობა მეტია. აჭარაშიც ძალიან ინტენსიურია მეწყრული პროცესები. თუ კახეთის მხარეს ავიღებთ, იქ ღვარცოფები ძალიან ხშირია.