რენე მაგრიტის ნახატის მიღმა მეორე - იდუმალი პორტრეტი აღმოაჩინეს
ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის ხელოვნება იდუმალებით არის ცნობილი: მისი ყველაზე პოპულარული ნახატებია „გამოსახულებების ღალატი“, ჩიბუხი წარწერით: “ეს არ არის ჩიბუხი.” ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმის ჯგუფის აღმოჩენა ცალსახად დამაინტრიგებელია. ინფრაწითელი გამოსხივებით, მკვლევარებმა 1943 წელს შესრულებული მისი ერთ-ერთი ნამუშევრის მიღმა ქალის (შესაძლოა მაგრიტის მეუღლის, ჟორჟეტის) დაკარგული პორტრეტი იპოვეს.
ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა კეტრინ დეფეიტმა და ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების უფროსმა კურატორმა, ფრენსისკა ვანდეპიტმა პორტრეტი მაგრიტის ნახატების უფრო ფართო შესწავლისას იპოვეს.
მაგრიტი და ჟორჟეტი 1922 წელს დაქორწინდნენ. მხატვარი ცოლის პორტრეტებს ხშირად ხატავდა. მისი სხვა პორტრეტების მახასიათებლებზე დაყრდნობით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ახლადაღმოჩენილ ნახატზე შესაძლოა ჟორჟეტიც იყოს გამოსახული.
„მოდელის ტუჩების ხასხასა წითელი ელფერი, სახის ოვალი, ცხვირი და ვარცხნილობა ჟორჟეტის ფიზიონომიას შეესაბამება. იდუმალი ნახატი მაგრიტის სამ პორტრეტს წააგავს, რომლებიც 1944 წელს შექმნა. ერთზე გამოსახულია ჟორჟეტი, ხოლო დანარჩენ ორზე - მაგრიტის მეზობელი ჟაკლინ ნონკელსი და მაგრიტის დილერის ცოლი ლუ კოსინი. სამივე რეალისტურად გამოსახულ სახეებს აჩვენებს“, - აღნიშნავენ მკვლევარები.
ცნობილია, რომ მაგრიტი ზოგჯერ ძველი ნახატების ზემოდან ახალ გამოსახულებებს ხატავდა. 2013 წელს მკვლევარებმა მაგრიტის ნამუშევრის - „მოჯადოებული პოზის“ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც დაკარგული იყო 1930-იანი წლებიდან. როგორც მკვლევარმა ბრაიან ბუჩერმა 2013 წელს დაწერა, ის კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნახატი იყო და ხელოვნებათმცოდნეებს დიდი ხანია აინტერესებდათ, სად გაქრა ნამუშევარი.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნახატის დანარჩენი სამი ნაწილიც გამოჩნდა. მკვლევარების ვარაუდით, მაგრიტმა თავდაპირველი ვარიანტი ოთხ ნაწილად გაჭრა და თითოეულზე ახალი დახატა. ხელოვნებათმცოდნეებს მხოლოდ თეორიის ჩამოყალიბება შეუძლიათ იმის შესახებ, თუ რატომ მოიქცა მხატვარი ასე. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ახალი სტილით ხატვა მოუნდა. „მოჯადოებული პოზა“ პიკასოს სტილს ძალიან ჰგავს, არა? შესაძლოა, ნახატის მდგომარეობა კომპრომეტირებულიც იყო“, - განუცხადა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უფროსმა კურატორმა ენ უმლენდმა Art in America-ს.
მაგრიტი 1967 წელს გარდაიცვალა და ჟორჟეტმა მეუღლეზე თითქმის ოცი წლით მეტ ხანს იცოცხლა. მან ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმს მაგრიტის შვიდი ნახატი შემოუნახა, მათ შორის ცალკე პორტრეტი. ჟორჟეტი 1986 წელს გარდაიცვალა.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/portrait-discovered-beneath-magritte-painting-180982659/