„შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო!..“ - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში, მამიდაჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა, – მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? – ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ? იქაც გაუშვეს. თან რამხელა სურათები დაკიდეს სახლში. და რა ატირებს ხოლმე ჩუმად ფანჯრისკენ შებრუნებულ დედაჩემს? რა თქმა უნდა, იმასაც ამსტერდამში უნდა. მე ხომ ისედაც არ ვუყვარდი არავის, რაც ნინო გაჩნდა. ახლა ალბათ ძალით მეფერებიან, რომ ამსტერდამში წასვლა არ მოვითხოვო. არც მოვითხოვ, თქვენ წადით ყველანი! ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმა უბნის ბავშვებში მოკლე შარვლით და წითელი წინდებით, წითელლოყებიანივე სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე: ვისი სული გსურს? ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს. ნინო! ელენე! გოგი! მაკა! ბოლოს მეღა დავრჩი. ვაჟიკია და კოჭლი ზურია. შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია. იქ რომ ყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენვე წახვიდოდი ამსტერდამში“, - წერს კეკელიძე.